ინდოეთი-პაკისტანი

ინდოეთსა და პაკისტანს შორის დაძაბულობის ფონზე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ისლამაბადშია

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში ჩავიდა.

პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს არ დაუდასტურებია, განიხილავს თუ არა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი პაკისტანსა და ინდოეთს შორის არსებულ დაძაბულობას, თუმცა პაკისტანში ირანის ელჩმა, რეზა ამირი მოღადამმა სახელმწიფო მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში იქნება.

"პაკისტანსა და ინდოეთთან ირანის მჭიდრო ურთიერთობების გათვალისწინებით, არსებული დაძაბულობის შემცირების გზები არაღჩის შეხვედრის ერთ-ერთი თემა იქნება". - განაცხადა ელჩმა.

არაღჩი ისლამაბადში ერთდღიანი ვიზიტით იმყოფება და მიმდინარე კვირაში ნიუ-დელიში ჩასვლას აპირებს. 

"ორივე მხარე ასევე განიხილავს რეგიონულ და გლობალურ მოვლენებს". - ნათქვამია ვიზიტთან დაკავშირებით პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ისჰაქ დარის ტელეფონით ესაუბრა და ინდოეთთან დაძაბულობის მოგვარებაში დახმარება შესთავაზა.

"აღინიშნა, რომ თუ ისლამაბადისა და დელის მხრიდან ორმხრივი სურვილი იქნება, რუსეთი მზად არის იმოქმედოს სიტუაციის პოლიტიკური მოგვარებისთვის, რომელიც 22 აპრილს ქაშმირის ველზე მდებარე ფაჰალგამის რეგიონში მომხდარი ტერაქტის შედეგად შეიქმნა". -  ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მანამდე, 2 მაისს საუბარი ლავროვსა და ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სუბრამანიამ ჯაიშანკართან შედგა.

კომენტარები