ჩეხეთი ჩინეთს ბოროტგანზრახულ კიბერდანაშაულებში ადანაშაულებს. ამის შესახებ ინფორმაციას ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, კიბერთვალთვალის ჯგუფმა, სახელწოდებით APT31 თავდასხმები დაიწყო 2022 წლიდან, როდესაც ჩეხეთი ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი სახელმწიფო იყო. აღნიშნული ჯგუფი დაკავშირებულია ჩინეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროსთან.
საგარეო საქმეთა მინისტრის, იან ლიპავსკის თქმით, თავდასხმების მიზანი ელექტრონული ფოსტიდან ინფორმაციისა და აზიის საკითხებთან დაკავშირებით სხვა დოკუმენტების მოპარვა იყო. მინისტრმა აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც თავდასხმის შესახებ გაიგეს, სამინისტრომ 2024 წელს ახალი, უფრო დაცული საკომუნიკაციო სისტემა შეიმუშავა.
"დავიბარე ჩინეთის ელჩი, რათა ცხადი იყოს, რომ ასეთ მტრულ ქმედებებს სერიოზული შედეგები მოყვება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობისთვის" – ამბობს ლიპავსკი.
ჩეხეთში ჩინეთის საელჩო უარყოფს ბრალდებებს.





