რეჟიმის პატიმრები

არ დამინახავს, ხელსაც ვერავის ვერ დავადებ – მოწმე პოლიციელი 11 პირის პროცესზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს დაკავებული 11 პირის საქმეზე კიდევ ერთი მოწმე პოლიციელი, მეტროპოლიტენის დეპარტამენტის თანამშრომელი კახა ონიანი გამოიკითხა, რომელსაც დაზარალებულის სტატუსი აქვს. 

ონიანი ასევე დაზარალებულადაა ცნობილი 8 პირის საქმეშიც.

ონიანის განცხადებით, პირველ დეკემბერს აქციაზე მოხვდა ქვა, რის შედეგადაც მიიღო დაზიანება სახის არეში.

მისი თქმით, არ იცის და არ დაუნახავს ვინ ესროლა ქვა. გარდა ამისა, ონიანის თქმით 

"პირი, რომელმაც ისროლა, არ დამინახავს, პირბადეებით იყვნენ და შენიღბულებიც. არ დამინახავს, სიმართლე რომ გითხრათ, ვერ ვიტყვი ვერანაირად, რომ ვინმე დავინახე, რომ უშუალოდ ვინმეს ესროლა ჩემთვის. 

[...]

არცერთს არ ვიცნობ აქედან ვინც ზის ახლა საპატიმრო სკამზე, ჩემი მიდგომა ზოგადად ასეთია, დავზარალდი, ჩემ გარდა კიდევ ბევრი დაზარალდა, ხელსაც ვერავის ვერ დავადებ. არც იმას დავადასტურებ, რომ ესენი იყვნენ და არც იმას, რომ ალბათ არ იყვნენ ესენი. ეს სასამართლოს პრეროგატივაა და გადაწყვეტენ, როგორი იქნება ამათი საბოლოო განაჩენი, იმის მიხედვით მე აუცილებლად თუ მონაწილეები იყვნენ ამ ძალადობაში, ალბათ პრეტენზია გამაჩნია, არამარტო იმიტომ, რომ მე დავზარალდი, არამედ იმიტომაც, რომ ჩემი კოლეგები იყვნენ ბევრი, რომლებიც იქ დაზარალდნენ. ამიტომ აუცილებლად, ძალადობა ისეთი რამეა, ჩემთვის მიუღებელია, როგორც მოქალაქეების მხრიდან, ისე პოლიციის მხრიდანაც ვგმობ ძალადობას ნებისმიერი მოქალაქის მიმართ და ნებისმიერი საჯარო მოხელისგან, არა აქვს მნიშვნელობა ჩემთვის ვინ არის ძალადობის მონაწილე." - განაცხადა ონიანმა. 

დღევანდელ სასამართლო პორცესზე  პირველი საქმეზე დაზარალებულად ცნობილი მოწმე პოლიციელი გრიგოლ ჭანტურიძე გამოიკითხა. ჭანტურიძეს დაზარალებულის სტატუსი აქვს ასევე 8 პირის საქმეშიც.

აქციების დროს დაკავებული 11 პირის: ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ჯანო არჩაიას, ლუკა ჯაბუას, რუსლან სივაკოვის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერაშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი კუხარჩუკისა და ირაკლი ქერაშვილის სასამართლო პროცესი მომდევნო სხდომაზეც მოწმეთა გამოკითხვის ეტაპით გაგრძელდება.

11-ვე დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წარდგენილ ბრალდებას არცერთი მათგანი არ აღიარებს.

 

კომენტარები