რეჟიმის პატიმრები

"არ ვიცი, არ დამინახავს ვინ მესროლა ქვა" – მოწმე პოლიციელის ჩვენება 11 პირის პროცესზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს სისხლის სამართლის წესითდაკავებული 11 პირის საქმის განცხილვა ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვუთ გრძელდება.

დღევანდელ პროცესზე პირველი საქმეზე დაზარალებულად ცნობილი მოწმე პოლიციელი გრიგოლ ჭანტურიძე გამოიკითხა. ჭანტურიძეს დაზარალებულის სტატუსი აქვს ასევე 8 პირის საქმეშიც.

მისი თქმით აქციაზე 28 ნოემბერს მივიდა, დაზიანება კი 29 ნოემბერს, ღამით, დაახლოებით 01:30 საათისთის მიიღო. კერძოდ, "აქციის მონაწილეების მხრიდან ნასროლი ქვა" მოხვდა სახის არეში. 

როგორც ჭანტურიძე ამბობს დაზიანების მიღებისას წაიქცა, "იმ წუთში უცებ ტკივილით გონება დავკარგე". მისი თქმით, ჩაუტარდა ოპერაციაც და დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში კლინიკაში დატოვეს. 

მოწმე პოლიციელის განცხადებით არ იცის და არ დაუნახავს ვინ ესროლა ქვა -  "პირადად მე ვინც მესროლა ის ადამიანი არ ვიცი ვინ იყო, არ დამინახავს". 

მისივე თქმით, ხედავდა მის წინ მდგომ აქციის მონაწილეებს, თუმცა "მათ შორის ბრალდბეულები არ მინახავს".

"ჩემი პოზიცია არის, მოქალაქეებმა, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს და დამაზიანეს, კანონით დაისაჯონ". - განაცხადა ჭანტურიძემ.

გიორგი ტერიშვილის ადვოკატმა, ირაკლი ჩომახიძემ მოწმეს ჰკითხა, გაუჩნდა თუ არა პრეტენზია მისი ზემდგომების მიმართ, რადგან დაახლოებით 3 საათის განმავლობაში "ძალადობრივ აქციაზე" ეკიპირების გარეშე იყო და უწყებას პოლიციელების წინ გდდ არ ჩაუყენებია, რაზეც ჭანტურიძემ უარყოფითი პასუხი გასცა.

ირაკლი ჩომახაშვილი: - თქვენ თქვით, რომ დაახლოებით 3 საათის განმავლობაში აქცია ძალადობრივი იყო და გვესროდნენ ყველაფერსო, ამის გათვალისწინებით, თქვენ თქვენი უშუალო ხელმძღვანელობა თუ ჩააყენეთ საქმის კურსში, რომ გდდ, სპეციალური ეკიპირება მოსულიყო და თქვენს წინ ჩამდგარიყო, რათა თქვენც დაეცავით სპეციალური ფარებით და სიტუაციაც განმუხტულიყო?

ჭანტურიძე: - ჩემი ხელმძღვანელები ადგილზე იყვნენ და იქ არ უნდოდათ მაგ კუთხით ჩაყენება, თვითონ იღებდნენ გადაწყვეტილებებს.

ირაკლი ჩომახაშვილი: - მიიღეს თუ არა ეს გადაწყვეტილება?

ჭანტურიძე: - მე როცა დავზიანდი წამომიყვანეს და აღარ ვიცი. [...] როგორც ჩათვალეს საჭიროდ, ისე მოიქცნენ, თქვენ მეკითხებით რაც ჩემს კომპეტენციაში არ შედის, ზემდგომმა რატომ არ იმოქმედაო და ვერ გაგცემთ პასუხს. 

ირაკლი ჩომახაშვილი: - თქვენ თქვით, რომ ვინც დამაზიანა პრეტენზია მაქვსო. თქვენს უშუალო ხელმძღვანელებთან პრეტენზია, ან ხომ არ გამოგიხატავთ ეს პრეტენზია მათთან, რომ 3 საათის განმავლობაში გდდ არ იყო ადგილზე და თქვენ იყავით ეკიპირების გარეშე.

ჭანტურიძე: - არა, არ მაქვს მათთან პრეტენზია. 

ირაკლი ჩომახაშვილმა მოწმე პოლიციელს შეკითხვები ასევე საქმის გარემოებებთან დაკავშირებითაც დაუსვა, რის შედეგადაც გამოიკვეთა, რომ მოწმე პოლიციელს ნანახი არ აქვს მისი საქმეში არსებული არცერთი მასალა. გარდა ამისა, მისი თქმით, მათ შორის ვერ ნახა მისი დაზიანების ამსახველი კადრები. 

ჩომახაშვილი: - თქვენ ხომ არ იცით ეს 11 პირი 29 აპრილს გამთენიისას აქციაზე იყო თუ არა?

მოწმე პოლიციელი: - არა, მე არა.

ჩომახაშვილი: - საქმის მასალებში არსებული ვიდეოები, რაზეც ბრალდება დავობს,იცით რა ვიდეოებია? მოწმე პოლიციელი: - არა.

ჩომახაშვილი: - იცით ამ ვიდეოებში თქვენ ჩანხართ თუ არა?

მოწმე პოლიციელი: - არა.

ჩომახაშვილი: - შესაბამისად, ეს სამი გარემოება თუ არ იცით, დადგენილი თუ არ არის ვინ დაგაზიანათ, პრეტენზია ხომ ვერ გექნებათ ამ 11 პირთან?

მოწმე პოლიციელი: - მე პრეტენზია მაქვს ადამიანებთან, რომლებმაც ჯგუფურად იძალადეს და ამ ძალადობის შედეგად დავზარალდი, როგორც მე, ისე სხვა პოლიციელები, თუ დადასტურდება სასამართლოთი, რომ ამ ადამიანებს წვლილი აქვთ მირებული ჩემი ჯანმრთელობის დაზიანებაში, რა თქმა უნდა მე ამ ადამიანების მიმართ მექნება პრეტენზია.

გარდა ამისა, მოწმე პოლიციელის თქმით, არ ახსოვს მისი დაზარალებულად ცნობის ოქმის შინაარსი, ასევე არც ის წაიკითხა თუ გამომძიებელთან კომუნიკაციის შედეგად გაეცნო.

სხდომაზე სიტყვით ისარგებლა ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ონისე ცხადაძემაც.

აქციების დროს დაკავებული 11 პირის: ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ჯანო არჩაიას, ლუკა ჯაბუას, რუსლან სივაკოვის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერაშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი კუხარჩუკისა და ირაკლი ქერაშვილის სასამართლო პროცესი მოწმეთა გამოკითხვის ეტაპით გრძელდება.

11-ვე დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წარდგენილ ბრალდებას არცერთი მათგანი არ აღიარებს.

 

კომენტარები