დმიტრი პესკოვი

პესკოვის თქმით, ტრამპის რეაქცია უკრაინის დაბომბვაზე "ემოციურმა გადაღლამ" გამოიწვია

კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვი

ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა, რუსეთის ბოლოდროინდელ სამხედრო ქმედებებთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის მიერ გამოთქმულ უკმაყოფილებას უპასუხა.

ტრამპის რეაქცია კრემლის სპიკერმა "ემოციური გადატვირთულობით" ახსნა.

"ჩვენ მადლობელნი ვართ ამერიკელებისა და პირადად პრეზიდენტ დონალდ ტრამპის, მოლაპარაკების პროცესის ორგანიზებისთვისა და მხარდაჭერისთვის. ეს ძალიან საპასუხისმგებლო მომენტია, რომელიც აბსოლუტურად ყველას ემოციურ გადაღლას და ემოციურ რეაქციებს უკავშირდება. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ყველა სახის რეაქციებს". – თქვა პესკოვმა.

პესკოვის თქმით, პუტინი რუსეთის უსაფრთხოებისთვის აუცილებელ გადაწყვეტილებებს იღებს და ბოლოდროინდელი მასშტაბური რუსული იერიშები "კიევის მიერ სოციალურ და მშვიდობიან ინფრასტრუქტურაზე მიტანილი დარტყმების საპასუხო იერიშებია".

25 მაისს რუსეთმა უკრაინის რეგიონები 300 დრონითა და 70-მდე რაკეტით დაბომბა. შედეგად დაიღუპა 12 და დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი.

26 მაისს რუსეთმა უკრაინაზე დრონებით ომის დაწყების დღიდან ყველაზე მასშტაბური იერიში მიიტანა. უკრაინის საჰაერო სივრცე 364-მა უპილოტო საფრენმა აპარატმა გადაკვეთა.

რუსეთის აგრესიას გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი:

"ის სრულიად შეიშალა! ის უაზროდ კლავს უამრავ ადამიანს და მე მხოლოდ ჯარისკაცებზე არ ვსაუბრობ. სრულიად უმიზეზოდ, უკრაინულ ქალაქებს რაკეტები და დრონები ესხმიან თავს. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მას მთლიანი უკრაინა სურს და არა მხოლოდ მისი ნაწილი. იქნებ, ეს ასეც მტკიცდება, თუმცა თუ [პუტინს] მართლაც ეს სურს, ეს რუსეთის დაცემას გამოიწვევს"!

კომენტარები