გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში 20-ზე მეტი რუსული ბანკის SWIFT-ის საერთაშორისო გადახდების სისტემიდან გათიშვას განიხილავს.
გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკომისია ამ გეგმასთან დაკავშირებით კონსულტაციებს წევრ ქვეყნებთან მართავს. მათი თქმით, სანქციების ამოქმედების ვადებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
წყაროების ცნობით, ევროკავშირი რუსული ბანკებისთვის დამატებით დაახლოებით 2.5 მილიარდი ევროს ღირებულების ახალ სავაჭრო შეზღუდვების დაწესებას გეგმავს.
მიმდინარე დისკუსიების ფარგლებში, ევროკავშირი დიდი შვიდეული მიერ დაწესებული ნავთობის ფასის დაახლოებით 45 დოლარამდე დაწევასაც განიხილავს.
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 18-ე პაკეტში, სავარაუდოდ, შევა მუხლები, რომლებიც ევროპულ კომპანიებს საერთაშორისო საინვესტიციო ხელშეკრულებების ფარგლებში არბიტრაჟული სარჩელებისგან დაიცავს.
Bloomberg ასევე წერს, რომ ევროკომისია Nord Stream-ის გაზსადენების სანქცირებასაც განიხილავს.
Financial Times-ის ინფორმაციით, გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი აქტიურად მხარს უჭერს ევროკავშირის მიერ Nord Stream-ის გაზსადენებზე სანქციების დაწესების ინიციატივას, რათა "აშშ-ს და რუსეთის მხრიდან გაზსადენის ამოქმედების ნებისმიერი მცდელობა აღკვეთოს".
გამოცემასთან საუბარში საკითხის მცოდნე ერთ-ერთი წყარო აღნიშნავს, რომ Nord Stream-ის ევროკავშირის სანქციების სიაში შეყვანა "მერცს პოტენციურად პოლიტიკურ პრობლემას მოუხსნის".





