საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2024 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2023 წელთან შედარებით, 2.5%-ით შემცირდა და 13.9% შეადგინა.
2024 წელს ქალაქის ტიპის დასახლებებში უმუშევრობის დონე წინა წელთან შედარებით 3.2%-ით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 1.4%-ით შემცირდა.
უწყების ცნობით, წინა წელთან შედარებით 2024 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში შემცირდა, შესაბამისად 5.6, 5.0 და 3.5 პროცენტით.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, უმუშევრობის დონე ტრადიციულად უფრო მაღალია კაცებში, ვიდრე ქალებში. 2024 წელს 2023 წელთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 2.8%-ით, ხოლო კაცებში - 2.2%-ით.

2024 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია 15-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში - 36.3%, ხოლო ყველაზე დაბალი ტრადიციულად 65+ ასაკობრივ ჯგუფშია - 4.2%.
მათივე ცნობით, 2024 წელს სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წელთან შედარებით 1.5%0-ით გაიზარდა და 54.8% შეადგინა.

რაც შეეხება დასაქმების დონეს, ის 2.6%-ით გაიზარდა და 47.1%-ით განისაზღვრა. 2024 წელს, წინა წელთან შედარებით, დასაქმების დონე გაზრდილია როგორც ქალებში, ასევე კაცებში, შესაბამისად 2.8 და 2.3%-ით.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში 1.6%-ით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 1.4%-ით გაიზარდა.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2024 წელს აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 44.9%-ს, ხოლო კაცებში 66.2%-ს შეადგენდა. წინა წელთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში 1.8%-ითაა გაზრდილი, ხოლო კაცებში - 1.1%-ით.
უწყების მონაცემების თანახმად, დასაქმების დონე 3.1%-ით გაიზარდა ქალაქის ტიპის დასახლებაში და 48.5% შეაგინა, სოფლის ტიპის დასახლებაში კი ზრდა 1.9% იყო, 2024 წელს სოფლის ტიპის დასახლებაში დასაქმების დონე 45.3%-ით განისაზღვრა.
საქსტატის ცნობით, 2024 წელს დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 68.5%-ს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 0.5%-ით ნაკლებია.






