იტალიის პოლიციამ, ქალაქ ბოლცანოში, ძარცვისა და იარაღის უკანონო შენახვისთვის საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა.
არსებული ინფორმაციით, საქართველოს 43 წლის მოქალაქე, გ.დ. მაღაზიიდან ქურდობის მცდელობისა და გაქცევის მცდელობისას, თანამშრომლების წინააღმდეგ წიწაკის სპრეის გამოყენების შემდეგ დააკავეს.
როგორც, ადგილობრივი გამოცემა, VIRGILIO წერს, დაკავებული მამაკაცი ქურთუკსა და შარვალში გარკვეული საქონლის დამალვას ცდილობდა, თუმცა პერსონალმა ეს შეამჩნია, რის შემდეგაც ქართველმა გაქცევის მცდელობისას წიწაკის სპრეი გამოიყენა - თავდასხმის მიუხედავად, თანამშრომლებმა პოლიციის მოსვლამდე მისი შეჩერება მოახერხეს, კამერებმა ფაქტების დინამიკა დაადასტურა.
დაკავებულ ქართველს ცივი იარაღი აღმოაჩნდა თან - ქალაქ ბოლცანოს ავტონომიური პროვინციის პოლიციის კომისარმა, პაოლო სარტორიმ დაკავებული პირისთვის საერთაშორისო დაცვის სტატუსის გაუქმება მოითხოვა, ეროვნული ტერიტორიიდან გაძევების ბრძანების გათვალისწინებით, რომელიც ძალაში ციხიდან გათავისუფლებისთანავე შევა.





