ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვენები 2025

დროა, პარტიებმა გასცენ მკაფიო პასუხი, შედიან თუ არა ფარსში – მელია ადგილობრივ არჩევნებზე

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას თქმით, აქვს იმედი, რომ 26 მაისს პოლიტიკური სუბიექტები გასცემენ კითხვაზე პასუხს, იღებენ თუ არა მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, რომელიც ოქტომბერშია ჩანიშნული. 

"პოლიტიკური ბუნდოვანების დრო დასრულდა. დადგა დრო, რომ პოლიტიკური ორაზროვნება დასრულდეს და პოლიტიკური მკაფიოობის დრო დადგა, ანუ დადგა დრო ყველა კითხვაზე პასუხის გაცემისა, კერძოდ რას ვაკეთებთ, შევდივართ თუ არა ფარსში სახელად ადგილობრივი არჩევნები.

[...] არჩევნები გააუქმა ქართულმა ოცნებამ და შენ ვერ შეხვალ იქ, რაც არ არსებობს. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე კონკრეტულ კითხვაზე პასუხი გაეცეს, ვინაიდან გაყალბებული არჩვენების შემდეგ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ გადავწყვიტეთ და შევედით ბოიკოტში. ამით ხალხი დარწმუნდა, რომ ბრძოლა ღირს ბოლომდე. ბრძოლა მიმდინარეობს, ახლა ქვეყანას ჰყავს მინიმუმ 50 პოლიტიკური პატიმარი და ეს ხალხი გვეკითხება, რას ვაპირებთ ამ თვალსაზრისით. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ 26 მაისს ყველა პოლიტიკური სუბიექტი, ვისაც ევალება, საზოგადოების წინაშე ამ კითხვაზე გასცემს პასუხს და ამით არ დაემსგავსება 26 მაისი 31 მარტს.

ძალიან მჯერა, რომ არათავსებადია ერთმანეთთან იყო უკომპრომისო ბრძოლაში და ამავე დროს სერიოზულად განიხილავდე უკვე 4 თვით ადრე ე.წ. ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში შესვლას. ისმის კითხვა, რა არის გემა ბოიკოტის შემდეგ, პასუხი - თავად ბოიკოტი არის გეგმა, პოლიტიკური არა თანამშრომლობა არის გეგმა, საერთაშორისო იზოლაციის გაღრმავება არის გეგმა. საზოგადოება იმსახურებს მკაფიოდ და გულწრფელად ვთქვათ, რომ გვინდა შესვლა - ესეც პასუხია" - ამბობს ნიკა მელია. 

ამ ეტაპზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას განიხილავს გირჩი. 

ცნობისთვის, პარტია გახარია საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამ 15 აპრილს ტვ პირველის ეთერში თქვა, რომ მისი პარტია ემზადება მუნიციპალური არჩევნებისთვის და არის შანსი, რომ მონაწილეობა მიიღოს.

"ყველამ მიხედოს თავის თავს, მე იმას ვამბობ, რასაც ვამბობ ღიად, გულწრფელად და პირდაპირ და ისეთ რაღაცას ვამბობ, რისი გადათქმაც არ მომიწევს, ის პარტიები, რომლებიც აქ თავს იკლავდნენ, არცერთ შემთხვევაში, ბოიკოტს ვუცხადებთ მუნიციპალურ არჩევნებს, მონაწილეობას არ მივიღებთო, ისინი რომ მიიღებენ ამ არჩევნებში მონაწილეობას, მე და თქვენ აქ ვიჯდებით და.." - თქვა გახარიამ.

კომენტარები