27 წლის სპორტსმენის, ბექა ონიანის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ბრალდებულ ივანე ტყეშელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ მახარობლიძემ მიიღო.
ტყეშელაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ცნობით,16 მაისს, თბილისში, ახალი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა რამდენიმეჯერ დაარტყა დაზარალებულს, რის შედეგადაც დაზარალებული ძირს დავარდა და თავის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიიღო.
ბექა ონიანი თავის ტრავმით კავკასიის მედიცინის ცენტრშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, იმყოფება ხელოვნურ კომაში.
როგორც ონიანის დეიდა ტაბულასთან საუბარში ამბობს, ფუტსალის მატჩის დროს, ფეხბურთელებს შორის შელაპარაკება მოხდა. ოჯახის წევრების განცხადებით, ბექა ონიანი ინციდენტში არ მონაწილეობდა, მაგრამ მას თავს დაესხნენ.