ახალ სპორტის სასახლესთან მომხდარ ფიზიკური ძალადობის ფატქზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1995 წელს დაბადებული ი.ტ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 16 მაისს, ბრალდებულმა თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ახალი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკურად იძალადა 1998 წელს დაბადებულ ბ.ო.-ზე, რის შედეგად ბ.ო. წაიქცა და თავის არეში დაზიანება მიიღო. მომხდარის შედეგად ი.ტ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო დაშავებული მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს" - წერია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

16 მაისს, თბილისში, ახალი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა კაცს სცემეს. ბექა ონიანი თავის ტრავმით კავკასიის მედიცინის ცენტრშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, იმყოფება ხელოვნურ კომაში. 

როგორც ონიანის დეიდა ტაბულასთან საუბარში ამბობს ფუტსალის მატჩის დროს, ფეხბურთელებს შორის შელაპარაკება მოხდა. ოჯახის წევრების განცხადებით, ბექა ონიანი ინციდენტში არ მონაწილეობდა, მაგრამ მას თავს დაესხნენ.

ბექა ონიანის დეიდა, სავარაუდო თავდამსხმელის ვინაობასაც ასაჯაროებს, მისი თქმით, ონიანს ივა ტყეშელაშვილი დაესხა თავს.

ოჯახი მომხდარის დროულ გამოძიებას ითხოვს. მათი განცხადებით, ივა ტყეშელაშვილის მამა პოლიციელი იყო და შესაძლოა, გამოძიების გაჭიანურება ამასაც უკავშირდებოდეს. 

კომენტარები