ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ მზია ამაღლობელის საქმის ფარგლებში გამოსაკითხი მოწმეების ნაწილს ჩახსნიან.
პროკურორის განცხადებით "სწრაფი მართლმსაჯულების ხელშეწყობის მიზნით", სასამართლოში აღარ გამოკითხავენ იმ პირებს, რომლებიც გამოკითხვის ოქმებში, სასამართლოს მიერ უკვე გამოკვლეულ ფაქტობრივ გარემოებებს ადასტურებენ.
"დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ შეამცირა დასაკითხ პირთა მოცულობა. ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც დადასტურებულია სხვა, არაერთი პირის ჩვენებით, მათ შორის, ვიდეოჩანაწერებითაც. ის მოწმეები, რომლებიც იგივე ფაქტობრივ გარემოებებს ადასტურებენ თავიანთ გამოკითხვის ოქმებში, ბრალდების მხარე აღარ დაკითხავს ამ მოწმეებს და შესაბამისად, ამით ხელს შეუწყობს სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას". - განაცხადა პროკურორმა.
მათ შორის, სასამართლოზე აღარ გამოიკითხება მოწმე დეტექტივი ვლადიმერ ჩიტაია, რომელიც პატაკში უთითებდა მზია ამაღლობელის მიერ "პოლიციელზე თავდასხმა წინასწარ დაგეგმილი იყო".
დღევანდელ პროცესზე გამოიკითხა სამედიცინო ექსპერტი, გივი ჩხარტიშვილი, რომელმაც ირაკლი დგებუაძესა და მზია ამაღლობელს ექსპერტიზა ჩაუტარა. ჩხარტიშვილი ბრალდების მხარის მოწმეა.
გივი ჩხარტიშვილის განცხადებით, ირაკლი დგებუაძეს არ ჰქონდა დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშანი.
წინა სხდომაზე, 8 მაისს, გამოიკითხა ბათუმის პოლიციის უფროსი, საქმეში დაზარალებულად ცნობილი ირაკლი დგებუაძე, რომლისთვის სილის გაწვნის გამო, მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ირაკლი დგებუაძე პოლიციის მეორე მაღალჩინოსანი იყო, რომელიც მზია ამაღლობელის საქმის ფარგლებში გამოიკითხა. სასამართლოს ჩვენება ასევე მისცა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა, გრიგოლ ბესელიამ.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ჟურნალისტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო. 19 თებერვალს კი ქუთაისის სააპელაციომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა პატიმრობის გაუქმების შესახებ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, სასამართლომ გაყალბებული ოქმი გამოიყენა პატიმრობის გასამართლებლად.
მზია ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა. 18 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი ექიმების დახმარებით კვებას აღადგენდა.





