ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი

მაისურაძე პოლოლიკაშვილზე: რეჟიმისთვის მიუღებელია ყველა, ვინც არ ემსახურება რუსეთს

ჩეხეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, თეა მაისურაძე მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის თავმჯდომარის კანდიდატურაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის მოხსნას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ რეჟიმისთვის მიუღებელია ყველა, ვინც რუსეთის ინტერესებს არ ემსახურება.

გუშინ, 15 მაისს, მაისურაძის შესახებ პოლოლიკაშვილმა ტელეკომპანია ფორმულას ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ ქართული ოცნების წევრები, მისგან მოითხოვდნენ, სამსახურიდან გაეთავისუფლებინა, თეა მაისურაძე, რომელიც ხელშეკრულებით ჰყავდა დასაქმებული.

"არის ასეთი ადამიანი, თეა მაისურრაძე, რომელიც იყო ჩეხეთში ელჩი, ჩემი არჩევნებიდან გამომდინარე, მე თვითონ გადავწყვიტე და ავიყვანე ხელშეკრულებით რამდენიმე თვით, რომ დამხმარებოდა კამპანიის პროცესში... კატეგორიული მითითება იყო, რომ მე თეა სასწრაფოდ მომეხსნა თანამდებობიდან... თეამ რომ დაინახა ასეთი პანიკა იყო, თვითონ, თავისი ინიციატივით თქვა, რომ ზურა, გავიწევი, ოღონდ შენს საქმეს არ გავუფუჭო რამეო და აღარ მუშაობდა ჩემთან" . - თქვა პოლოლიკაშვილმა.

თეა მაისურაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნავს, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილის გენერალურ მდივნად არჩევა საქართველოს უდიდესი წარმატება იყო. მისი თქმით, ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა "თითქმის უკვე გამარჯვებული კანდიდატის  კანდიდატურის მოხსნა".

"ზურაბ პოლოლიკაშვილი, გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა, გენერალურ მდივნად 2017 წელს აირჩიეს. ეს იყო და არის ჩვენი ქვეყნის უდიდესი წარმატება, რადგან საერთაშორისო დონეზე, ასეთ მაღალ პოზიციაზე საქართველოს წარმომადგენელი არ ყოლია. ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვის თავად ზურას პიროვნულ ფაქტორს. მე, იმ დროს, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი, აქტიურად ვიყავი ჩართული აღნიშნულ კამპანიაში. 

ქვეყნები, მსოფლიოს მასშტაბით, უდიდეს ძალისხმევას დებენ იმაში, რომ საერთაშორისო ფორმატებში, განსაკუთრებით მაღალ და მნიშვნელოვან პოზიციებზე მაქსიმალურად იყვნენ წარმოდგენილები. ყველამ კარგად ვიცით, რომ საქართველოსთვის ტურიზმი მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით ქვეყნის უდიდესი პოტენციალის გათვალისწინებით. შესაბამისად, მხოლოდ ის ფაქტიც კი, რომ ჩვენს ქვეყანას ყავდა თავისი წარმომადგენელი ამ პოზიციაზე, იყო უკვე დიდი წინგადადგმული ნაბიჯი, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რაც ზურას აქვს გაკეთებული საქართველოში ტურიზმის სექტორის განვითარებისთვის. აი ამ ყველაფრის ფონზე, ხდება ზურაბ პოლოლიკაშვილის, თითქმის უკვე გამარჯვებული კანდიდატის  კანდიდატურის მოხსნა.

მესამე ვადით არჩევნებში მონაწილეობა დასაშვებია გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში და შესაბამისი პრეცედენტიც არსებობს. 

რაც შეეხება რეჟიმის მითითებებს და გადაწყვეტილებებს, რეჟიმისთვის მიუღებელია ყველა, ვინც ემსახურება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და არა რუსეთის ინტერესებს" - წერს მაისურაძე. 

თეა მასიურაძე ჩეხეთში საქართველოს ელჩის თანამდებობიდან ირაკლი კობახიძის 28 ნომებრის განცხადების შემდეგ გადადგა. 

14 მაისს ცნობილი გახდა, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა ქართულმა ოცნებამ საკუთარი გადაწყვეტილებით მოხსნა.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნულ თანამდებობაზე საქართველო მხარს არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს დაუჭერს.

ცნობისთვის, 13 მაისს ონლაინ გამოცემა The Diplomat წერდა, რომ გავრცელებული ცნობების მიხედვით, ივანიშვილის რეჟიმი სავარაუდოდ აპირებს, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე მესამე ვადით ზურაბ პოლოლიკაშვილის არჩევას მხარი არ დაუჭიროს.

The Diplomat-ის წყაროების მიხედვით, ეს გადაწყვეტილება გარკვეულწილად არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან (UAE) დადებული ფარული შეთანხმების ნაწილია, რომლის ფარგლებშიც ივანიშვილის რეჟიმი თანამდებობაზე საამიროების კანდიდატის, შაიხა ალ ნოვაისს, მხარდაჭერას გეგმავს.

გამოცემა წერს, რომ გენერალური მდივანი პოლოლიკაშვილი ორგანიზაციაში რუსეთისთვის წევრობის შეჩერების პროცესს ხელმძღვანელობდა 2022 წელს და თავისი პოზიციით "გაეროს სისტემაში პრეცედენტი" დააწესა.

ონლაინ მედიის მიხედვით, პოლოლიკაშვილი თანამდებობას უკვე ორი ვადის განმავლობაში იკავებდა და ორივეჯერ თანამდებობაზე მისი დანიშვნის გადაწყვეტილებას მხარი გაეროს გენერალური ასამბლეის 70%-ზე მეტმა დაუჭირა.

კომენტარები