"ლგბტ ექსტრემიზმის" ბრალდებით რუსეთში უმსხვილესი გამომცემლობის 10-მდე თანამშრომელი დააკავეს

"ლგბტ პროპაგანდად" მიჩნეული შინაარსის წიგნების გამო რუსეთში უმსხვილესი გამომცემლობა Eksmo-ს 10-მდე თანამშრომელი დააკავეს.

ტელეგრამ არხ VChK-OGPU-ს და დამოუკიდებელი გამოცემა iStories-ის ინფორმაციით, გამომცემლობის ოფისში პოლიცია თანამშრომლების დასაკითხად 14 მაისს მივიდა.

სააგენტო TASS-ის ცნობით, გამომცემლობის დისტრიბუციის დირექტორი ანატოლი ნოროვიატკინი და კიდევ დაახლოებით 10 თანამშრომელი "ექსტრემისტულ ორგანიზაციებში" ჩართულობის ბრალდებით დააკავეს.

გამომცემლობაში სააგენტოს დაუდასტურეს, რომ გამოძიება სავარაუდო "ლგბტ პროპაგანდას" უკავშირდება, რომელიც გამომცემლობა Popcorn Books-ის მიერ გამოცემულ წიგნებში აღმოაჩინეს.

ცნობისთვის, 2023 წელს Eksmo-მ Popcorn Books-ის 51%-იანი წილი შეიძინა.

 "არაფერი ვიცით ნოროვიატკინის შესახებ, თუმცა იურიდიული გუნდი ცდილობს გაერკვეს. Eksmo-ს ექსტრემიზმთან არანაირი კავშირი არ აქვს". - აცხადებენ გამომცემლობაში.

იმავე დღეს Eksmos-ს საკუთრებაში მყოფმა კიდევ ერთმა გამომცემლობა Individuum-მა დაადასტურა, რომ სამართალდამცავებმა გამომცემლობის თანამშრომლების სახლებში ჩხრეკა ჩაატარეს და ისინი დააკავეს.

"არ ვიცით, ვინ იქნება ბრალდებული და რაში. ჯერ-ჯერობით ვწყვეტთ აქტივობას სოციალურ ქსელებში". - აცხადებენ კომპანიაში.

Individuum-ის ყოფილი მფლობელები, ენდრიუ ბაევი და ალექსეი დოკუჩაევი 2023 წელს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ უცხოეთის აგენტებად გამოაცხადა. მიზეზი კატერინა სილვანოვასა და ელენა მალისოვას რომანის, "ზაფხული წითელ ხელსახვევში" გამოქვეყნება იყო, რომელიც საბჭოთა პიონერულ ბანაკში ორი ბიჭის რომანტიკულ ისტორიას ეხება.

რომანი 2022 წელს ბესტსელერად იქცა, რის შემდეგაც რუსმა კანონმდებლებმა ის მკაცრად გააკრიტიკეს, ხოლო ავტორებს ქვეყნის დატოვება მოუწიათ. მოგვიანებით სილვანოვა და მალისოვაც უცხოეთის აგენტებად გამოცხადდნენ.

BBC News Russian-ის ცნობით, სამმა წყარომ დაადასტურა, რომ დაკავებულთა შორის Popcorn Books-სა და Individuum-ში მენეჯერულ პოზიციებზე მომუშავე დმიტრი პროტოპოპოვი და ყოფილი გაყიდვების დირექტორი, პაველ ივანოვი არიან.

დაკავებებიდან ერთ დღეში, რუსეთის ხელისუფლებამ სამ პირს ბრალი ოფიციალურად წაუყენა. გამოძიების მტკიცებით ქვიარ ლიტერატურის, მათ შორის "ზაფხული წითელ ყელსახვევში", გავრცელება ექსტრემისტული საქმიანობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას წარმოადგენს.

2023 წლის ნოემბერში რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე უზენაესმა სასამართლომ "საერთაშორისო ლგბტ მოძრაობა" ექსტრემისტულად მიიჩნია და რუსეთის ტერიტორიაზე მათი აქტივობა აკრძალა. 

კომენტარები