რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

რუბიომ პუტინის მიერ სტამბოლში გაგზავნილი დელეგაციის შემადგენლობა გააკრიტიკა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ კიევსა და მოსკოვს შორის დაგეგმილი მოლაპარაკებებისთვის  რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ სტამბოლში გაგზავნილი დელეგაციის შემადგენლობა გააკრიტიკა

კომენტარი ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა სტამბოლში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. 

რუბიოს თქმით, თურქეთში პუტინის მიერ გაგზავნილი დელეგაციის დონე არ არის იმის მანიშნებელი, რომ გუნდი მოლაპარაკებების პროცესს მნიშვნელოვან პროგრესამდე მიიყვანს. 

"იმ გუნდის დონე, რომელიც რუსულმა მხარემ გამოგზავნა, ნამდვილად არ წარმოადგენს ისეთს, რომელიც მნიშვნელოვან პროგრესამდე მიგვიყვანს. იმედი მაქვს, ვცდები". - თქვა რუბიომ. 

ამასთანავე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ თურქეთში დაგეგმილ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებს პირადად არ დაესწრება, თუმცა ამერიკული მხარის "გუნდიდან შესაბამის დონეზე" წარმომადგენელს გაგზავნის.

ამავე პრესკონფერენციაზე რუბიომ განაცხადა, რომ სტამბოლში რუსულ და უკრაინულ დელეგაციებს შორის ხვალ, 16 მაისს დაგეგმილ მოლაპარაკებებზე "დიდ იმედებს არ ამყარებს".

რუბიოს თქმით, ტრამპისა და პუტინის პირდაპირი მოლაპარაკებების შედეგად იქნება შესაძლებელი, საბოლოოდ გაირკვეს, თუ "რა სურს რუსულ მხარეს". 

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ასევე დაამატა, რომ იგი ხვალ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაქან ფიდანსა და უკრაინულ დელეგაციას შეხვდება. 

ცნობისთვის, სტამბოლში რუსულ და უკრაინულ დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დღეს, 15 მაისს იყო დაგეგმილი, თუმცა რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა ერთი დღით გადაიდო და შესაბამისად, კონფლიქტის მხარეებს შორის მოლაპარაკებები 16 მაისს დაიწყება. 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ ვინაიდან პუტინმა მოლაპარაკებებზე დასწრებაზე უარი თქვა, შეხვედრაში მონაწილეობას არც ის მიიღებდა. 

14 მაისს კრემლმა რუსეთის დელეგაციის წევრები დაასახელა: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი იგორ კოსტიუკოვი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ალექსანდერ ფომინი. თუმცა, ევროპელმა ლიდერებმა პუტინი თურქეთში მოლაპარაკებებისთვის "დაბალი რანგის" დელეგაციის გაგზავნისთვის გააკრიტიკეს.

ხოლო ანკარაში ჩასვლის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის დელეგაციას "ბუტაფორიული" უწოდა. "შევხედავთ რუსების დონეს, ჯერჯერობით ეს ოფიციალურად უცნობია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რაც ვიცით, ეს ბუტაფორიულ დონეს ჰგავს." - თქვა მან.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას მალევე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც გამოეხმაურნენ. მარია ზახაროვამ ზელენსკის "კლოუნი" და "ხელმოცარული" უწოდა, ხოლო სერგეი ლავროვის თქმით, პუტინის სტამბოლში ჩასვლის მოთხოვნის გამო, ზელენსკი "საცოდავი ადამიანია."

11 მაისს პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინისგან სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების უპირობო განახლებას ითხოვს. მან კიევს პირდაპირი საუბრების დაწყება 15 მაისიდან შესთავაზა. ამის შესახებ მან კრემლში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. ხოლო პუტინის ინიციატივის პასუხად უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თურქეთში შესახვედრად პუტინს პირადად დაელოდებოდა.

კომენტარები