რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სტამბოლში დაგეგმილი მოლაპარაკებები რუსულ და უკრაინულ დელეგაციებს შორის 1 დღით გადაიდო – მოლაპარაკებები 16 მაისს დაიწყება.
ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული გამოცემები ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებენ.
რუსულ და უკრაინულ დელეგაციებს შორის შორის მოლაპარაკებები დღეს, 15 მაისს, დღის მეორე ნახევარში უნდა დაწყებულიყო.
ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა გახდა მოლაპარაკებების 16 მაისს გადადების მიზეზი. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ ვინაიდან პუტინმა მოლაპარაკებებზე დასწრებაზე უარი თქვა, შეხვედრაში მონაწილეობას არც ის მიიღებდა.
14 მაისს კრემლმა რუსეთის დელეგაციის წევრები დაასახელა: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი იგორ კოსტიუკოვი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ალექსანდერ ფომინი. თუმცა, ევროპელმა ლიდერებმა პუტინი თურქეთში მოლაპარაკებებისთვის "დაბალი რანგის" დელეგაციის გაგზავნისთვის გააკრიტიკეს.
ხოლო ანკარაში ჩასვლის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის დელეგაციას "ბუტაფორიული" უწოდა. "შევხედავთ რუსების დონეს, ჯერჯერობით ეს ოფიციალურად უცნობია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რაც ვიცით, ეს ბუტაფორიულ დონეს ჰგავს." - თქვა მან.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას მალევე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც გამოეხმაურნენ. მარია ზახაროვამ ზელენსკის "კლოუნი" და "ხელმოცარული" უწოდა, ხოლო სერგეი ლავროვის თქმით, პუტინის სტამბოლში ჩასვლის მოთხოვნის გამო, ზელენსკი "საცოდავი ადამიანია."
11 მაისს პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინისგან სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების უპირობო განახლებას ითხოვს. მან კიევს პირდაპირი საუბრების დაწყება 15 მაისიდან შესთავაზა. ამის შესახებ მან კრემლში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. ხოლო პუტინის ინიციატივის პასუხად უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თურქეთში შესახვედრად პუტინს პირადად დაელოდებოდა.