აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს თქმით, თურქეთის ქალაქ სტამბოლში რუსულ და უკრაინულ დელეგაციებს შორის ხვალ, 16 მაისს დაგეგმილ მოლაპარაკებებზე "დიდ იმედებს არ ამყარებს". ამის შესახებ რუბიომ სტამბოლში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა კომენტარი.
"ჩვენ იმაზე, თუ რა მოხდება ხვალ, დიდ იმედებს არ ვამყარებთ. და გულწრფელად რომ ვთქვა, ამ დროისთვის, ვფიქრობ, ნათელია, რომ ერთადერთი გზა, რომლითაც მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწევთ, იქნება [შეხვედრა] პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ პუტინს შორის. ამ საკითხში პროგრესისთვის ასეთი დონის ჩართულობა იქნება საჭირო". - თქვა რუბიომ რეპორტიორებთან საუბრისას.
რუბიოს თქმით, ტრამპისა და პუტინის პირდაპირი მოლაპარაკებების შედეგად იქნება შესაძლებელი, საბოლოოდ გაირკვეს, თუ "რა სურს რუსულ მხარეს".
"ერთადერთი გზა, რომლითაც ამ დროისთვის მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა შეგვიძლია, არის პრეზიდენტის პირდაპირი ჩართულობა, სავარაუდოდ პერსონალურ დონეზე, რათა საბოლოოდ გაირკვეს, თუ რა სურს რუსულ მხარეს და შესაძლებელია თუ არა მშვიდობის მიღწევა". - აღნიშნა რუბიომ.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ასევე დაამატა, რომ იგი ხვალ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაქან ფიდანსა და უკრაინულ დელეგაციას შეხვდება.
"ხვალ შევხვდები საგარეო საქმეთა მინისტრ ფიდანსა და მაღალი დონის დელეგაციას უკრაინიდან, რომელიც ქალაქში იქნება. ვინმე ჩვენი გუნდიდანაც იქნება ჩართული რუსეთთან მოლაპარაკებებში. მათ უფრო დაბალი დონის დელეგაცია გამოგზავნეს აქ. ვიმედოვნებ, რომ მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის, თურქ კოლეგებთან და ჩვენი გუნდის წევრებთან ერთად, შესაფერის დონეზე გაიმართება". - დასძინა რუბიომ.
ცნობისთვის, სტამბოლში რუსულ და უკრაინულ დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დღეს, 15 მაისს იყო დაგეგმილი, თუმცა რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა ერთი დღით გადაიდო და შესაბამისად, კონფლიქტის მხარეებს შორის მოლაპარაკებები 16 მაისს დაიწყება.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ ვინაიდან პუტინმა მოლაპარაკებებზე დასწრებაზე უარი თქვა, შეხვედრაში მონაწილეობას არც ის მიიღებდა.
14 მაისს კრემლმა რუსეთის დელეგაციის წევრები დაასახელა: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი იგორ კოსტიუკოვი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ალექსანდერ ფომინი. თუმცა, ევროპელმა ლიდერებმა პუტინი თურქეთში მოლაპარაკებებისთვის "დაბალი რანგის" დელეგაციის გაგზავნისთვის გააკრიტიკეს.
ხოლო ანკარაში ჩასვლის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის დელეგაციას "ბუტაფორიული" უწოდა. "შევხედავთ რუსების დონეს, ჯერჯერობით ეს ოფიციალურად უცნობია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რაც ვიცით, ეს ბუტაფორიულ დონეს ჰგავს." - თქვა მან.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას მალევე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც გამოეხმაურნენ. მარია ზახაროვამ ზელენსკის "კლოუნი" და "ხელმოცარული" უწოდა, ხოლო სერგეი ლავროვის თქმით, პუტინის სტამბოლში ჩასვლის მოთხოვნის გამო, ზელენსკი "საცოდავი ადამიანია."
11 მაისს პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინისგან სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების უპირობო განახლებას ითხოვს. მან კიევს პირდაპირი საუბრების დაწყება 15 მაისიდან შესთავაზა. ამის შესახებ მან კრემლში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. ხოლო პუტინის ინიციატივის პასუხად უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თურქეთში შესახვედრად პუტინს პირადად დაელოდებოდა.