რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თანამდებობიდან გაათავისუფლა შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მთავარსარდალი ოლეგ სალიუკოვი.
მცირე ხნის წინ, 9 მაისს გენერალი სალიუკოვი სამხედრო აღლუმს ხელმძღვანელობდა.
ახალი განკარგულებით, სალიუკოვი რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, სერგეი შოიგუს მოადგილედ დაინიშნა.
სალიუკოვი სახმელეთო ჯარების მეთაურის პოსტს 2014 წლიდან იკავებდა.
წარსულში BBC-ის რუსული სამსახური წერდა, რომ სალიუკოვის ოჯახი ფულს ე.წ. პატრიოტული ღონისძიებების ჩატარებით გამოიმუშავებდა.
ჯერჯერობით უცნობია ვინ გახდება რუსეთის სახმელეთო ძალების მეთაური. რუსულ ტელეგრამ არხებზე წერენ, რომ ამ თანამდებობას გენერალ-პოლკოვნიკი ანდრეი მორდვიჩევი დაიკავებს. მორდვიჩევი ამჟამად ცენტრალური სამხედრო ოკრუგის ხელმძღვანელია. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ის აზოვსტალის ტერიტორიის შტურმს ხელმძღვანელობდა.
აღსანიშნავია, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ უსაფრთხოების საბჭოს მდივნად მაშინ დაინიშნა, როცა თავდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებები და დაკავებების ტალღა დაიწყო.