რეჟიმის პატიმრები

ვერავინ ვერ ამოვიცანი – 11 პირის პროცესზე დღეს 2 მოწმე პოლიციელი გამოიკითხა

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს სისხლის სამართლის წესით დაკავებული 11 პირის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა. დღევანდელ პროცესზე პროკურატურის 2 მოწმე გამოიკითხა, ბრალდების მხარეს 5 მოწმე ჰყავდა მოყვანილი. 

11 პირის: ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამის მირცხულავას, ჯანო არჩაიას, ლუკა ჯაბუას, რუსლან სივაკოვის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერაშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი კუხარჩუკისა და ირაკლი ქერაშვილის სასამართლო პროცესი 19 მაისს კვლავ მტკიცებულებების გამოკვლევისა და მოწმეთა გამოკითხვის ეტაპით გაგრძელდება.

პირველი მოწმე, რომელიც დღევანდელ პროცესზე გამოიკითხა პოლიციელი ნიკოლოზ ხურცილავა იყო. ხურცილავას დაზარალებულის სტატუსი აქვს ასევე 8 პირის საქმეში. ის თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ, 14 მაისსაც გამოიკითხა.

მეორე მოწმე საპატრულო პოლიციის მეტროპოლიტენის დეპარტამენტის თანამშრომელი, ლაშა ბუიღლიშვილი იყო, ისიც, როგორც ხურცილავა 8 პირის საქმეში დაზარალებულია. 

ლაშა ბუიღლიშვილმა დღევანდელ პროცესზე თქვა, რომ დაზიანება პირველი დეკემბრის აქციაზე, საღამოს ათის წუთებზე მიიღო. მისი თქმით, დაახლოებით, 21:15 საათის შემდეგ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აღარ ყოფილა. 

ადვოკატმა ირმა ჭკადუამ მოწმე პოლიციელს ჰკითხა, აქვს თუ არა პრეტენზია იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც აქციაზე მისი დაზიანების მერე, ანუ პირველი დეკემბრის 21:15 საათის შემდეგ იმყოფებოდნენ.

რაზეც მოწმე პოლიციელმა თქვა, რომ პრეტენზია აქვს. რადგან, მისი თქმით, 100-ზე მეტი პოლიციელია დაშავებული. 

მოწმე პოლიციელს ამასთან დაკავშირებით, დღევანდელ პროცესზე ჰკითხეს, თუ იცის რამდენი აქციის მონაწილეა დაზარალებული პოლიციელების მიერ, რაზეც მან უარყოფითი პასუხი გასცა. 

წინა სხდომის მსგავსად, მოწმე პოლიციელმა დღესაც თქვა, რომ აქციაზე მოულოდნელად "წვიმა წამოვიდა საგნების, ქვები, ფეიერვერკების და ვცდილობდით აგვეცილებინა, მაგრამ ვერ ავიცილეთ". 

მისი თქმით, არ შეუძლია ამოიცნოს კონკრეტული პირი, ვისი ნასროლი ქვაც მოხვდა. 

მოწმის თქმით, ეკიპირების გარეშე მყოფი პოლიციელები წინა ხაზში იდგენენ, გდდ კი მათ უკან. ადვოკატის შეკითხვაზე "თუკი ქვების წვიმა მოდიოდა", ეკიპირების გარეშე მყოფები რომ წინა ხაზზე იდგნენ და გდდ მათ უკან, შსს-თან აქვს თუ არა პრეტენზია, მოწმემ თქვა, რომ პრეტენზია არ აქვს შინაგანს საქმეთა სამინისტროსთან.

მოწმემ ადვოკატის შეკითხვის პასუხად ასევე თქვა, რომ ქართული ოცნების ამომრჩეველია. 

ადვოკატმა ირმა ჭკადუამ მოწმეს ჰკითხა, შეამჩნია თუ არა ვინმე სპეცრაზმელი, რომელიც ძალადობდა აქციის მონაწილეზე - რაზეც მან უარყოფითი პასუხი გასცა.

ადვოკატმა მოწმე პოლიციელს ასევე ჰკითხა, თუ აქვს ნანახი კადრები, სადაც პოლიციელები მომიტინგეებზე ძალადობენ. რაზეც მოწმემ უპასუხა: - "მე არ ვიცი იქ პოლიციელები იყვნენ თუ რა იყვნენ, მაგრამ ძალადობის ფაქტები ნანახი მაქვს ტელევიზიით". 

დამაზუსტებელ შეკითხვებზე კი აღნიშნა, რომ პოლიციელების მხრიდან ძალადობის კადრები არ უნახავს.

კიდევ ერთმა ადვოკატმა მოწმე პოლიციელს, რომელიც საპატრულო პოლიციის მეტროპოლიტენის დეპარტამენტის თანამშრომელია, ჰკითხა: მისი რეგულარული სამუშაოა აქციაზე უსაფრთხოების დაცვა ან პარლამენტში შეჭრის აღკვეთა? რაზეც ბუიღლიშვილმა უპასუხა, რომ მისი მოვალეობა წესრიგის დაცვაა.

ადვოკატმა ბუიღლიშვილს დამაზუსტებელი შეკითხვაც დასვა შედის თუ არა მის რუტინულ საქმიანობაში სახელმწიფო და სტრატეგიული ობიექტების დაცვა? რაზეც ბუიღლიშვილმა თქვა, რომ "რა თქმა უნდა". –

ადვოკატი: - ძალადობრივი აქციების მოგერიება?
ბუიღლიშვილი: - არ შედის.
ადვოკატი: - მაგრამ აქ მიხვედით ძალადობრივი აქციის მოსაგერიებლად.

ადვოკატის შეკითხვაზე, შეუძლია თუ არა ბუიღლიშვილს რაიმე ნიშნით გამოარჩიოს მოძალადეთა ჯგუფი, მოწმე პოლიციელმა აღნიშნა, რომ მათ ძირითადად სახე ჰქონდათ დაფარული. 

სხდომის მიმდინარეობისას მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა დარბაზიდან ერთი პირი გააძევა. დარბაზისა და ბრალდებულების პროტესტი მოჰყვა მოწმის განცხადებას, რომელმაც ბრალდებულები მოძალადეებად მოიხსენია. 

ლაშა ბუიღლიშვილს შეკითხვები დაუსვა ასევე ბრალდებულმა ონისე ცხადაძემაც. რომლებზე პასუხების დროსაც, ბუიღლიშვილმა აღნიშნა, რომ ბრალდებულები ვერავინ ვერ ამოიცნო. 

ცხადაძე: - იცით მე სად ვიყავი იმ დღეს? სადმე შეგიმჩნევივართ?
მოწმე პოლიციელი: - იმ დღეს მე ვერავინ ვერ ამოვიცანი სიმართლე გითხრათ.
ცხადაძე: - პირველ დეკემბერს მე ვიყავი თერჯოლაში. შევძლებდი მე თერჯოლიდან ქვის სროლას?
თქვენ თქვით, რომ პრეტენზია გაქვთ, დიდი დაზიანება არ გაქვთ მიღებული, მაგრამ 100 პოლიციელია დაზარალებული და სხვების მაგივრადაც გაქვთ პრეტენზიები.
მოწმე პოლიციელი: - დიახ.
ცხადაძე: - თქვენ თუ გაქვთ ნანახი ფოტო და ვიდეო ნანახი ბიჭის, რომელსაც დამიზნებით ესროლეს ცრემლსადენი გაზი და თავის ქალა ახადეს?

11-ვე დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წარდგენილ ბრალდებას არცერთი მათგანი არ აღიარებს.

კომენტარები