თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს სისხლის სამართლის წესით დაკავებული 11 პირის: ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამის მირცხულავას, ჯანო არჩაიას, ლუკა ჯაბუას, რუსლან სივაკოვის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერაშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი კუხარჩუკისა და ირაკლი ქერაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი გრძელდება, იკითხებიან ბრალდების მხარის მოწმეები. სხდომაზე პირველი ჩვენება, დაზარალებულად ცნობილმა მომწე პოლიციელმა, ნიკოლოზ ხურცილავამ მისცა. ხურცილავას დაზარალებულის სტატუსი აქვს ასევე 8 პირის საქმეში. ის თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ, 14 მაისსაც გამოიკითხა.
ნიკოლოზ ხურცილავას განცხადებით, მან დაზიანება 28 ნომებრის საღამოს, აქციაზე მიიღო, რის შემდეგაც დაახლოებით 1 კვირა სამსახურში არ გასულა.
ბრალდებულებს პროკურატურა დანაშაულის ჩადენას 29 ნოემბერისა და შემდეგი პერიოდის აქციებზე ედევება.
"მე დავზიანდი 28 ნოემბერს და შესაბამისად პრეტენზია მაქვს, იმ ადამიანებთან, ვისზეც საუბარია 28-ში. 31-ში და პირველში მე სახლში ვიმყოფებოდი და შესაბამისად, მაგაზე პრეტენზია უნდა ჰქონდეთ მათ, ვინც დაზიანდა მაგ დღეებში" . - თქვა ხურცილავამ ადვოკატების შეკითხვაზე.
ამ საკითხთან დაკავშირებით, ხურცილავას შეკითხვები დაუსვა ერთ-ერთი ბრალდებულის, ვალერი თეთრაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ. პროკურატურა თეთრაშვილს დანაშაულის ჩადენას პირველ დეკემბერს ედავება.
ხურცილავამ სხდოამზე თქვა, რომ პირველ დეკემბერთან დაკავშირებით პრეტენზია ვერ ექნება:
ჭკადუა: - შესაბამისად, ადამიანები, რომლებსაც ბრალი აქვთ წარდგენილი 2024 წლის პირველ დეკემბერს თითქოსდა ჩადენილ ძალადობაზე თქვენ მათ მიმართ რაიმე სახის პრეტენზია ვერ გექნებათ ასეა ხო?
ხურცილავა: - მე ვთქვი, რომ დავზიანდი 28 ნოემბერს
ჭკადუა: - შესაბამისად, ასეთ ადამიანთან, რომელსაც ბრალად ედება შესაძლო დანაშაულის ჩადება პირველ დეკემბერს, მის მიმართ პრეტენზია ვერ გექნებათ, ასეა ხომ
ხურცილავა: - ეგრე გამოდის.
ჭკადუამ ჰკითხა ეცნობა თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფი ვალერი თეთრაშვილი, რაზეც მოწმე ხურცილავამ უპასუხა, რომ არავინ არ ეცნობა.
გარდა ამისა, კიდევ ერთმა ადვოკატმა ხურცილავას ჰკითხა, შეუძლია თუ არა ბრალდებულებიდან რომელიმეს ამოცნობა, ან იმ პირის ამოცნობა, რომლის ნასროლი ქვაც მას მოხვდა. ხურცილავას თქმით, აქციაზე მყოფ პირებს "ზოგს "მასკა" ეკეთა, ზოგს დამალული ჰქონდა სახე და შეუძლებელი იყო ჩემთვის მათი ამოცნობა".
წინა სხდომის მსგავსად, ხურცილავამ ამ სხდომაზეც აღნიშნა, რომ არ იცის ვინ ესროლა მას ქვა.
ამ საკითხთან დაკავშირებით მოწმე პოლიციელს შეკითხვები დაუსვა ლუკა ჯაბუას ადვიკატმაც.
თქვენ გუშნაც დაიკითხეთ სისხლის სამართლის საქმეზე, დღესაც იკითხებით, თქვენ ერთი ქვა მოგხვდათ თუ 15 პირობითად?
ხურცილავა: - რომელმაც დამაზიანა 1 იყო.
ადვოკატი: - ორ სისხლის სამართლის საქმეში იკითხებით სადაც არის 15 ბრალდებული, ნუ არ ვიცი რამდენია [რედ. 19 ბრალდებული] ვის მიმართ გაქვთ პრეტენზია კონკრეტულად?
პროკურატურამ აღნიშნული შეკითხვის განრიდება მოითხოვა. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა შეკითხვა არ განარიდა. ხურცილავამ კი შემდეგი პასუხი გასცა:
"ასე მე ვერ ვიტყვი, თავიდანვე დავაფიქსირე, რომ არ არ ვიცი ვისი ნასროლი ქვა მომხვდა, ამიტომ ასე მე ხელს ვერავის ვერ დავადებ. პრეტენზია მექნება, რა თქმა უნდა, პოლიციის თანამშრომელი ვარ, მივედი..."
ადვოკატი: - ჰოდა ვის მიმართ გაქვთ ეს პრეტენზია?
ხურცილავა: - არ ვიცი, მაგას გამოძიება დაადგენს, ვისი ნასროლი ქვა მომხვდა მე, ვერ გეტყვით ვის მიმართ მაქვს პრეტენზია და ვის მიმართ არა. ვისი ნასროლი ქვაც მომხვდა, იმის მიმართ მაქვს პრეტენზია.
ადვოკატი: - რომელი გამოძიება დაადგენს, ამ საქმეზე?
ხურცილავა: - კი ბატონო, ამ საქმეზე, ან წინა საქმეზე, რავი.
მნიშვნელოვანი დეტალია ის, რომ მოწმე პოლიციელმა დღევანდელ პროცესზე განაცხადა, რომ დაახლოებით 1 თვის წინ დააწინაურეს. ხურცილავამ უარყო, რომ მისი დაწინაურება ამ საქმეებს უკავშირდება, მაგრამ დაადასტურა, რომ დაწინაურებამდე უკვე ჰქონდა დაზარალებულის სტატუსი და იყო გამოკითხული.
გარდა ამისა, მომწე პოლიციელის თქმით, მან შსს-ში მუშაობა 19 წლის ასაკში დაიწყო, როცა არ ჰქონდა იუსიტის დიპლომი, მაგრამ მისი თქმით, გავლილი ჰქონდა სპეციალური კურსი.
მოწმე პოლიციელს შეკითხვები დაუსვეს ბრალდებულებმაც. ონისე ცხადაძემ მოწმე პოლიციელს უთხრა, რომ 28 ნოემბერს ის აქციაზე არ ყოფილა და შესაბამისად, მასთან პრეტენზია ვერ ექნება. ცხადაძის თქმით, ხურცილავა ამ პროცესზე დაზარალებულის სტატუსის მქონე იმიტომაა, რომ 11 ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდეთ.
ცხადაძე: - გითხრეს, რომ ამ სასამართლო პროცესზე მოხვიდოდით და დაგხვდებოდათ ადამიანი, რომელიც უშუალოდ დამნაშავე იყო თქვენს დაზიანებაში, ეს გითხრეს?
ხურცილავა: - მე დამიბარეს და მოვედი აქ. ვიცოდი, რომ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობად გედებოდათ [ბრალად] ვინც აქ ხართ წარმოდგენილი.
ცხადაძე: - თქვენ არ გაგიჩნდათ კითხვები: მე რატომ უნდა მივიდე მაინც და მაინც, რა შუაში ვარ?
ხურცილავა: - როცა დაგიბარებენ კითხვები რავი, უნდა მიხვიდე, ვალდებული ხარ რომ მიხვიდე.
ცხადაძე: - ინფორმაცია არ მოგიპოვებიათ, რაზე უნდა დაეკითხეთ?
ხურცილავა: - როგორ არა ვიცოდი, რაზეც, 28 ნოემბერს დავზიანდი პოლიციელი და მაგ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობდა გამოძიება.
ცხადაძე: - ანუ თქვენ რომ დაზიანდით, მაგაზე მიმდინარეობს გამოძიებაო და ვინც დაგაზიანათ, ეგ ადამიანი, რომ მიხვალთ იქ დაგხვდებათო?
ხურცილავა: - ეს ადამიანი დაგხვდებათო, არ იყო ეგრე. შესაძლებელია ეს ადამიანი ყოფილიყო, მაგრამ მე თავიდანვე ვთქვი, რომ ვერავის ვერ დავადებ ხელს, რადგან არ ვიცი, ვინ მესროლა ქვა.
ცხადაძე: - ანუ იმათმაც შესაძლებელია გითხრეს?
ხურცილავა: - დაახლოებით, სავარაუდოდ, ეგრე იქნებოდა.
რევაზ კიკნაძემ მოწმე პოლიციელს ჰკითხა დაინახა თუ არა სროლის მომენტი, რაზეც ხურცილავამ პასუხი გასცა, რომ ბევრი ადამიანი ისროდა და ვერ დაინახავდა კონკრეტულ პირს, რომელმაც მას ქვა ესროლა.
კიკნაძემ მოწმეს ასევე ჰკითხა, მისმა გვერდით მყოფებმა დაინახეს თუ არა როგორ მოხვდა ქვა მას, რაზეც მოწმემ უპასუხა, რომ არ იცის.
"სად წარმოგიდგენიათ 4 წლის მერე თქვენი მომავალი და თუ იცით, რომ ცრუმოწმეობა დიდ გავლენას იქნობიებს თქვენ მომავალთან დაკავშირებით. პასუხი არ მაინტერესებს" - მიმართა კიკნაძემ.
საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვა გრძელდება.
11-ვე დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წარდგენილ ბრალდებას არცერთი მათგანი არ აღიარებს.





