რუსული რეჟიმი

ჩვენი პარტნიორების მიმართ ოცნების რიტორიკა მიუღებელია – წინააღმდეგობის პლატფორმა

წინააღმდეგობის პლატფორმა (პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით და სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით შექმნილი პლატფორმა) საქართველოს დასავლელი პარტნიორების მიმართ, ქართული ოცნების წევრების შეურაცხმყოფელ რიტორიკას ეხმიანება.

"წინააღმდეგობის პლატფორმა შეშფოთებას გამოხატავს იმ რიტორიკაზე, რასაც ქართული ოცნება იყენებს ჩვენი პარტნიორების მიმართ - პირველ რიგში, გერმანიის მიმართ. დღეს გერმანიის ახალი ადმინისტრაციისგან ძალიან მკაცრი რეაქცია მოვისმინეთ იმის შესახებ, თუ როგორ უყურებენ იმ ფაქტს, რომ ამ ხელისუფლებამ მათ ელჩს შეურაცხყოფა მიაყენა. გერმანიაზე, მის ელჩსა და ევროკავშირის ელჩზე თავდასხმები სრულიად მიუღებელია. ეს კიდევ უფრო აღრმავებს ჩვენს იზოლაციას, რაც, როგორც ჩანს, ჩვენი ხელისუფლების მიზანია". - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

პლტაფორმის სახელით, ზურაბიშვილი ივანიშვილის პარლამენტის მიერ "დიპლომატიური სამსახურის შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებსაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, დიპლომატიური თანამდებობის პირის ვადაზე ადრე გაწვევა შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაშიც, თუ "მისი ქმედება ქვეყნის ინტერესების ან იმიჯის შელახვას" გამოიწვევს.

"შემდეგი საკითხი დიპლომატიურ სამსახურთან დაკავშირებით მიღებულ ცვლილებებს ეხება. ამასთან დაკავშირებით, პარლამენტში სამარცხვინო სხდომა ჩატარდა. რეალურად, ეს კანონი დიპლომატებზე, საზღვარგარეთ ჩვენს ელჩებზე ქართული ოცნების ტოტალურ კონტროლს აწესებს". ამბობს ზურაბიშვილი.

ზურაბიშვილმა წულუკიანის კომისიაზე არმისვლის გამო დაჯარიმებული და დაპატიმრებული პოლიტიკოსების შესახებაც ისაუბრა.

"ეს კომისია სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ ის პოლიტიკოსები დაიბარონ, რომლებიც სხდომაზე არ მივიდნენ და შემდეგ საშუალება მიეცეთ, რომ ისინი დააჯარიმონ თუ დაიჭირონ. ეს ტალღა დაიწყო, რომელიც რეპრესიების ახალი ფორმაა". - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე, წინააღმდეგობის პლატფორმის განცხადებით, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ახლო კავშირები რუს მაღალჩინოსნებთან, საქართველოსთვის დიდი გამოწვევა და პრობლემაა. 

კომენტარები