ივანიშვილის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დაჩქარებული წესით, III მოსმენით მხარი დაუჭირეს "დიპლომატიური სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილებებს. კანონპროექტს მხარი ივანიშვილის 87-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი არავინ იყო.
კანონპროექტის მიხედვით, დიპლომატიური თანამდებობის პირის ვადაზე ადრე გაწვევა შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაშიც, თუ "მისი ქმედება ქვეყნის ინტერესების ან იმიჯის შელახვას" გამოიწვევს.
"დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძვლებს დაემატა ნორმა, რომლის თანახმად, მივლინებული პირის მიერ მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების ისეთი დარღვევა, რომელმაც, შესაძლოა, გამოიწვიოს ქვეყნის ინტერესების ან/და იმიჯის შელახვა, ან ისეთი ქმედების ჩადენა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს პარლამენტის მიერ განსაზღვრულ საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებსა და სამინისტროს ინტერესს, წარმოადგენს პირის ვადამდე გამოწვევის საფუძველს". - ვკითხულობთ კანონპროექტში.
კანონპროექტში წერია, რომ საქართველოს, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს იმიჯის პოპულარიზაციის მიზნით საჭირო ღონისძიებების განსახორციელებლად, კანონმდებლობით დადგენილია საზღვარგარეთ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინება. კანონპროექტისვე მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ მივლინებული პირის ქმედება ვერ ამართლებს მისი მივლინების მიზანს, მიზანშეწონილია, კანონი ითვალისწინებდეს ასეთი თანამდებობის პირის ვადაზე ადრე გამოწვევის შესაძლებლობას.
ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ ივანიშვილის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე თქვა, რომ ვადაზე ადრე გამოწვევა დიპლომატის სამსახურიდან გათავისუფლებას არ ნიშნავს.
"სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლები არის სხვა, როტაციიდან ვადაზე ადრე გამოწვევა, ანუ მივლინების შეწყვეტა და ცენტრალურ აპარატში დაბრუნება კი აბსოლუტურად სხვა რამეა". - ამბობს თოთლაძე.
კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნა "ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ნორმატიული აქტის დამტკიცების "სამართლებრივი" საფუძველი.
"კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტს, რომლითაც დადგენილია დიპლომატიური სამსახურის ფასეულობები, დაემატა შემდეგი შინაარსის ,,გ“ ქვეპუნქტი: ,,სამსახურებრივი უფლებამოსილების კეთილსინდისიერად შესრულება, დიპლომატიური სამსახურის პრინციპებისა და საჯარო ინტერესების დაცვის საფუძველზე“.
ამასთან, ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დიპლომატიური სამსახურის პრინციპების ჩამონათვალს დაემატა ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განუხრელი დაცვის პრინციპი. გარდა ამისა, მე-4 მუხლს დაემატა მე-4 პუნქტი, რომლის თანახმადაც, დიპლომატიურ სამსახურში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესები მტკიცდება მინისტრის ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით". - წერია კანონპროექტში.
აგრეთვე, კანონპროექტით, დიპლომატიური თანამდებობის პირები შეფასებას ერთის ნაცვლად, წელიწადში არანაკლებ ორჯერ დაექვემდებარებიან.
გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, დიპლომატიური თანამდებობის პირებისთვის, როტაციის ვადის გაგრძელების შესაძლებლობა 1 წლამდე ვადით იზრდება.