აშშ-სირია

Telegraph: სირიის ლიდერი ტრამპს დამასკოში ტრამპ თაუერის აშენებას სთავაზობს

სირიის ახალი რეჟიმის ლიდერი, აჰმედ ალ-შარაა

Telegraph წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სირიის ახალი ლიდერი, აჰმედ ალ-შარაა აშშ-ს მიერ კვლავ ტერორისტად არის აღიარებული,შესაძლოა, 13 მაისს მან აშშ-ს პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან ერ-რიადში, საუდის არაბეთის პრინცი მოჰამედ ბინ სალმანის მასპინძლობით, მოლაპარაკებები გამართოს.

ეს შეხვედრა, შესაძლოა, ტრამპის ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის პირველ დღეს გაიმართოს.

გამოცემა იუწყება, რომ არსებული ცნობებით, სირიის ლიდერმა ტრამპს სირიაში ინვესტიციის შესაძლებლობები შესთავაზა, მათ შორის ტრამპ თაუერის მშენებლობა დამასკოში. შემხვედრ ნაბიჯად ალ-შარაა აშშ-ს სანქციების მოხსნას ითხოვს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ შეხვედრა, სავარაუდოდ, შეშფოთებას გამოიწვევს ისრაელში, რომელიც ალ-შარაას მუდმივად "კოსტუმიან ტერორისტად" მოიხსენიებდა.

ისლამისტური მეამბოხე დაჯგუფება HTS-ის ლიდერის რანგში, ალ-შარაამ დეკემბერში სირიაში სწრაფად ჩაიგდო ძალაუფლება ხელში, დაამხო დიქტატორი ბაშარ ალ-ასადი და დაასრულა 13-წლიანი სამოქალაქო ომი.

გამოცემა წერს, რომ ტრამპი მას პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან და ლიბანის ახალ პრეზიდენტთან, ჯოზეფ აუნთან ერთად შეხვდება.

გამოცემის მიხედვით, საუდის არაბეთმა მნიშვნელოვანი რესურსები ჩადო სირიის ახალი რეჟიმის დახმარებაში, ქვეყნის ხანგრძლივი სამოქალაქო ომისა და ასადის ოჯახის მმართველობის შემდეგ. სავარაუდოა, რომ სწორედ საუდის არაბეთმა დაარწმუნა თეთრი სახლი აღნიშნული შეხვედრის გამართვაში.

რეგიონული მხარდაჭერის მიუხედავად, აშშ-ს სანქციების მოხსნა - რაც, სხვა საკითხებთან ერთად, სირიაში საერთაშორისო ფინანსურ სისტემაში გაწევრიანების შესაძლებლობას შექმნიდა - რეჟიმის მომავლისთვის ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაქტორად ითვლება.

გამოცემა აღნიშნავს, რომ HTS-ის დროებითი მთავრობის რეპუტაცია ბოლო კვირებში ალავიტებისა და დრუზების უმცირესობების წინააღმდეგ ჩადენილი სისასტიკეების შესახებ გავრცელებული ცნობებით დაზიანდა.

გამოცემა წერს, რომ სისასტიკეების მიუხედავად, გავრცელებული ინფორმაციით, პროტრამპისტი აქტივისტი ჯონათან ბასი აპრილის ბოლოს რამდენიმე საათის განმავლობაში შეხვდა ალ-შარას დამასკოში.

მოგვიანებით ბასმა განაცხადა, რომ ლიდერი "მისი ქვეყნისთვის დიდი ბიზნესგარიგების" ძიებაშია.

"მან მითხრა, რომ დამასკოში ტრამპ თაუერის აშენება სურს. სურს მშვიდობა მეზობლებთან. რაც მითხრა, კარგია რეგიონისთვის, კარგია ისრაელისთვისაც" - აღნიშნა ბასმა.

ამერიკელმა აქტივისტმა დაამატა, რომ ალ-შარა ფიქრობს, მას და ტრამპს რაღაც საერთო აკავშირებთ - ორივე ცეცხლსასროლი იარაღით განხორციელებულ თავდასხმას გადაურჩა.

გამოცემა იუწყება, რომ სირიის ლიდერი ცოტა ხნის წინ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსაც შეხვდა და მიიღო მხარდაჭერის სიგნალები რამდენიმე კონტინენტური ევროპის მთავრობისა და ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლებისგან.

კომენტარები