რუსეთი-ოკუპირებული აფხაზეთი

პუტინი აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მიწვევაზე: დიდი მადლობა, სიამოვნებით

"დიდი მადლობა, სიამოვნებით. [დროის შესახებ] შემდეგ შევთანხმდებით" - ასე უპასუხა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტის, ბადრა გუნბას აფხაზეთში მიწვევას.

კრემლში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტის, ბადრა გუნბას შეხვედრა გაიმართა.

გუნბამ პუტინი აფხაზეთში მისთვის ნებისმიერ მოსახერხებელ დროს მიიწვია. რუსეთის პრეზიდენტმა ეს მოწვევა მიიღო.

შეხვედრაზე პუტინის თქვა, რომ რუსეთი აფხაზეთთან როგორც ეკონომიკურ, ასევე ჰუმანიტარულ სფეროში თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზად არის.

ასევე, პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს ტურისტული ნაკადების გაზრდა სურთ: "წინა წელს ზრდა საგრძნობი იყო. ველით, რომ [ტურისტების რაოდენობა] წელსაც გაიზრდება მინიმუმ შვიდი პროცენტით, ან შესაძლოა, მეტითაც".

გუნბას თქმით, მოსკოვსა და სოხუმს შორის ურთიერთობები აქტიურად ვითარდება.

"ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტის - აეროპორტის გახსნის - განხორციელება, რომელიც 32 წლის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა. დღეს კი, რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის საჰაერო კავშირი აღდგენილია" - თქვა გუბნამ

ე.წ. პრეზიდენტმა რუსეთს აფხაზეთის მიმართ გამოხატული დამოკიდებულებისთვის და 9 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის შესაძლებლობისთვის მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმს ოკუპირებული აფხაზეთისა და თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ე.წ. ლიდერები ბადრა გუნბა და ალან გაგლოევი დაესწრნენ.

 

კომენტარები