კრემლში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტის, ბადრა გუნბას შეხვედრა გაიმართა.
პუტინის თქმით, რუსეთი აფხაზეთთან როგორც ეკონომიკურ, ასევე ჰუმანიტარულ სფეროში თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზად არის.
ასევე, პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს ტურისტული ნაკადების გაზრდა სურთ: "წინა წელს ზრდა საგრძნობი იყო. ველით, რომ [ტურისტების რაოდენობა] წელსაც გაიზრდება მინიმუმ შვიდი პროცენტით, ან შესაძლოა, მეტითაც".
გუნბას თქმით, მოსკოვსა და სოხუმს შორის ურთიერთობები აქტიურად ვითარდება.
"ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტის - აეროპორტის გახსნის - განხორციელება, რომელიც 32 წლის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა. დღეს კი, რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის საჰაერო კავშირი აღდგენილია" - თქვა გუბნამ
მან პუტინი აფხაზეთში მისთვის ნებისმიერ მოსახერხებელ დროს მიიწვია. რუსეთის პრეზიდენტმა ეს მოწვევა მიიღო.
ე.წ. პრეზიდენტმა რუსეთს აფხაზეთის მიმართ გამოხატული დამოკიდებულებისთვის და 9 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის შესაძლებლობისთვის მადლობა გადაუხადა.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმს ოკუპირებული აფხაზეთისა და თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ე.წ. ლიდერები ბადრა გუნბა და ალან გაგლოევი დაესწრნენ.





