რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ტრამპი: 30-დღიანი ზავისკენ მოვუწოდებთ, ევროპელებთან ერთად მშვიდობას უზრუნველვყოფთ

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებები გრძელდება და აშშ 30-დღიან უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს. მისივე თქმით, ის, როგორც პრეზიდენტი, ევროპელ პარტნიორებთან ერთად მშვიდობას უზრუნველყოფს. 

ამის შესახებ ტრამპი Truth Social-ზე წერს

"რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარკებები გრძელდება. აშშ იდეალურ შემთხვევაში 30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. იმედია, რომ მისაღები ცეცხლის შეწყვეტა დაცული იქნება და ორივე ქვეყანა ამ პირდაპირი მოლაპარაკების პატივისცემაზე პასუხს აგებს. თუ ცეცხლის შეწყვეტა დაცული არ იქნება, აშშ და მისი პარტნიორები დამატებით სანქციებს დააწესებენ. ყოველკვირეულად ათასობით ახალგაზრდა ჯარისკაცი იხოცება და ყველას უნდა სურდეს, რომ ეს დასრულდეს. მე მსურს და აშშ-ს სურს ასევე. როგორც პრეზიდენტი, რუსეთსა და უკრაინას შორის ევროპელებთან ერთად მშვიდობის უზრუნველყოფისადმი ერთგული ვიქნები და ეს საბოლოო მშვიდობა იქნება! ეს ცეცხლის შეწყვეტა საბოლოოდ სამშვიდობო ხელშეკრულებამდე უნდა მიდიოდეს. ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად შეიძლება მოხდეს და საჭიროების შემთხვევაში ხელმისაწვდომი ვიქნები. მადლობა თქვენი ყურადღებისთვის!" - წერს ტრამპი.

4 მაისს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NBC News-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში აშშ ერთ მხარესთან უფრო ახლოსაა შეთანხმების მიღწევის მხრივ, ვიდრე - მეორესთან. მან ასევე კიდევ ერთხელ მიანიშნა, რომ სამშვიდობო შეთანხმების ვერ დადების შემთხვევაში, აშშ კონფლიქტთან მიმართებით პოლიტიკას შეცვლის. 

"ჩემი აზრით, უფრო ახლოს ვართ ერთ მხარესთან [შეთანხმების დადების მხრივ] და ალბათ, არც ისე ახლოს მეორე მხარესთან, მაგრამ ვნახოთ. არ მინდა იმის თქმა, თუ რომელთან უფრო ახლოს ვართ, მაგრამ ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას ამერიკელი ხალხისთვის. ჩვენ შევძელით იშვიათი წიაღისეულის მიღება [...]" - თქვა ტრამპმა. 

29 აპრილს უკრაინაში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კით კელოგმა Fox News-თან ინტერვიუში რუსეთს მუდმივი, ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ახლა ყველაფერი "პუტინზეა" დამოკიდებული.

"3-დღიანი ზავი აბსურდია. რაც პრეზიდენტ [ტრამპს] სურს, სამუდამო, ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაა ზღვაზე, ჰაერში, ხმელეთსა და ინფრასტრუქტურაზე, სულ მცირე, 30 დღით და შემდგომ გაგრძელება შეიძლება". - თქვა კელოგმა. 

რუსეთის პრეზიდენტმა, გამარჯვების დღის მე-80 წლისთავისთვის 8-დან 11 მაისამდე "ცეცხლის შეწყვეტა" გამოაცხადა

ამის მსგავსად პუტინმა ზავი 20 აპრილს სააღდგომოდაც გამოაცხადა, თუმცა, უკრაინული მხარის ცნობით, პუტინის მიერ გამოცხადებული 30-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, აღდგომის დღეს რუსეთმა იერიშები გააგრძელა, დრონებით თავდასხმები გააორმაგა და მძიმე შეიარაღების გამოყენება გააძლიერა.

პუტინის განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და მას დაუყოვნებლივ უპირობო, მინიმუმ 30 დღით, სრულად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებისკენ მოუწოდა.

"ჩვენთვის ძვირფასია სიცოცხლე და არა აღლუმი. სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია, სამყაროს მიაჩნია, რომ 8 მაისის ლოდინის საბაბი არ გვაქვს.

ცეცხლი უნდა შეწყდეს არა რამდენიმე დღით, რომ ისევ განახლდეს, არამედ დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ – მინიმუმ 30 დღით". – თქვა ზელენსკიმ.

მანამდე, ტრამპმა რეპორტიორებთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე ისაუბრა, რომელიც 26 აპრილს ვატიკანის წმინდა პეტრეს ბაზილიკაში შედგა. მან ასევე იმედგაცრუება გამოხატა რუსეთთან მიმართებით.

ერთ-ერთი რეპორტიორის კითხვაზე, ენდობა თუ არა ის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, ტრამპმა უპასუხა, რომ ამაზე პასუხს "დაახლოებით ორ კვირაში გეტყვით", რითაც მან მიანიშნა, რომ მომდევნო კვირები გადამწყვეტი იქნება რუსეთთან მიმართ გატარებული საგარეო პოლიტიკის კუთხით.

ამასთანავე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ თქვა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების მხრივ მომდევნო კვირა გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება.

ამას გარდა, ბოლო პერიოდში ტრამპმა რუსეთი უკრაინაზე მიტანილი იერიშების გამო რამდენჯერმე გააკრიტიკა. 

კომენტარები