რეჟიმის პატიმრები

ადვოკატი: ანდრო ჭიჭინაძის ტელეფონი იმ დროს გამოიყენეს, როცა ის დალუქული უნდა ყოფილიყო

რეჟიმის პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი ამბობს, რომ ჭიჭინაძის ტელეფონი 6 აპრილს, იმ დროს გამოიყენეს, როცა ტელეფონი ექსპერტიზის ბიუროში, დალუქულ მდგომარეობაში უნდა ყოფილიყო. 

მიგინეიშვილის თქმით, ტელეფონის სავარაუდოდ უკანონო გამოყენებაზე ის ფაქტი მიუთითებს, რომ აღნიშნულ დროს, ანდრო ჭიჭინაძე WhatsApp-ის ერთ-ერთი ჩატიდან გავიდა, ტელეფონიდან კი WhatsApp-ის აპლიკაცია წაიშალა. 

"საექსპერტო სამსახურს მივმართეთ და დაგვიდასტურეს, რომ იმ დროს, როცა WhatsApp-ის ჩატი დატოვეს, ტელეფონი ისევ საექსპერტო დაწესებულებაში ჰქონდათ. ეს ფაქტი ამ WhatsApp-ის ჯგუფის შემქმნელმა და ადმინმა, ნინო ბოლქვაძემ დააფიქსირა, რომელიც დაცვის მხარემ გამოკითხა და მან დეტალურად აღწერა ის მოვლენები, რაც 6 აპრილს ნახა. ეს არის ჩატის დატოვება - დავაკონკრეტებ, რომ მხოლოდ ამ ჩატის. ის რამდენიმე ჯგუფშია, მაგრამ მხოლოდ ეს ჩატი დატოვეს [...] 

მოგვიანებით, როცა ამ ჯგუფში ანდრო ჭიჭინაძის ნომრის დამატებას ისევ ცდილობდნენ, ეს ვერ ხორციელდებოდა, აპლიკაციაც წაშლილი იყო". - თქვა სასამართლო სხდომაზე მიგინეიშვილმა.

მიგინეიშვილი ამბობს, რომ ნინო ბოლქვაძეს ამ ყველაფრის დამდასტურებელი სქრინები აქვს.

მიგინეიშვილმა მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა, რომ ნინო ბოლქვაძის პირადი ტელეფონიდან ეს ინფორმაცია ამოიღონ. ის ამბობს, რომ ამით შესაძლებელია, პროკურატურის საექსპერტო ბიუროს მხრიდან სავარაუდო უკანონო მოქმედება გამოაშკარავდეს, რასაც შემდგომ სასამართლოს წარუდგენენ.

დღეს, 8 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძისა და აქციაზე დაკავებული კიდევ 10 პირის არსებითი სხდომა მიმდინარეობს.

კომენტარები