აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, ჰუსიტებმა კაპიტულაცია გამოაცხადეს და აშშ მათზე იერიშების მიტანას შეწყვეტს.
მისი თქმით, ჰუსიტებმი დათანხმდნენ, რომ ახლო აღმოსავლეთის მნიშვნელოვან საზღვაო მარშრუტებზე გემების გადაადგილებას ხელს აღარ შეუშლიან.
"მათ გვითხრეს, გთხოვთ, აღარ დაგვბომბოთ და ჩვენ აღარ დავესხმებით თქვენს გემებს, ვიღებ მათ სიტყვას და ჰუსიტების დაბომბვას დაუყოვნებლივ შევწყვეტთ". - განაცხადა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში კანადის პრემიერმინისტრ მარკ კარნისთან შეხვედრისას.
ტრამპის განცხადების შემდეგ, ომანის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაიდო.
შეთანხმებაში, რომელიც ომანურმა მხარემ გაავრცელა, ნათქვამია, რომ აშშ და ჰუსიტები წითელ ზღვასა და ბაბ-ელ-მანდების სრუტეში ერთმანეთზე იერიშებს აღარ მიიტანენ.
ცეცხლის შეწყვეტას კატარი და ქუვეითი მიესალმნენ და იმედი გამოთქვეს, რომ ეს ნაბიჯი საზღვაო მარშრუტების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
ომანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არაფერი იყო ნათქვამი იმაზე, შეწყვეტენ თუ არა ჰუსიტები ისრაელზე თავდასხმას.
დაჯგუფების უმაღლესი პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელმა, მაჰდი ალ-მაშატმა განაცხადა, რომ ჯგუფი გააგრძელებს ღაზის მხარდაჭერას და ასეთი თავდასხმები გაგრძელდება.
"ყველა სიონისტს ვეუბნები, დარჩით თავშესაფრებში ან დატოვეთ ქვეყანა დაუყოვნებლივ, რადგან თქვენი წარუმატებელი მთავრობა ვეღარ დაგიცავთ". - განაცხადა ალ-მაშატმა.
მანამდე, 6 მაისს, ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, ჰუსიტების თავდასხმების პასუხად იემენში მათ მიერ კონტროლირებულ სანაას საერთაშორისო აეროპორტზე საჰაერო იერიში მიიტანეს და “სრულად გათიშეს”.
ისრაელის თავდაცვის ძალების თანახმად, ცემენტის ქარხანაზე იერიში "რეჟიმის ეკონომიკასა და სამხედრო მზადებაზე დარტყმას წარმოადგენს".
აშშ-ს ცენტრალური სარდლობის განცხადებით, აშშ-მ მარტში დაწყებული ოპერაციის შემდეგ იემენში 800-ზე მეტ სამხედრო სამიზნეზე მიიტანა იერიში, რის შედეგადაც ლიკვიდირებულია ასობით ჰუსიტი მებრძოლი, მათ შორის, დაჯგუფების ლიდერებიც.
15 მარტიდან, ოპერაცია Rough Rider-ის ფარგლებში, აშშ-ს ჰუსიტებზე თითქმის ყოველდღიურად მიჰქონდა საჰაერო იერიშები. ოპერაციის მიზანი იმ საფრთხის აღმოფხვრაა, რომელსაც ჰუსიტები წითელ ზღვასა და ადენის ყურეში სატვირთო გემებს უქმნიან.