აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა რუსეთის მოქალაქეებს, იურიდიულ პირებსა და ტვირთმზიდავ გემს, რომლებიც ირანის მიერ მხარდაჭერილ იემენელ ჰუსიტებს იარაღისა და საქონლის, მათ შორის, მოპარული უკრაინული მარცვლის მოპოვებაში უწყობდნენ ხელს.
აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთში დაფუძნებული ავღანელი ბიზნესმენი ჰუშანგ ღაირატი და მისი ძმა, ასევე რუსეთში დაფუძნებული ბიზნესმენი სოჰრაბ ღაირატი, ჰუსიტ მაღალჩინოსან საიდ ალ-ჯამალს რუსეთიდან მილიონობით დოლარის ღირებულების საქონლის შეძენასა და იემენში გაგზავნაში ეხმარებოდნენ.
სამინისტროს მტკიცებით, საქონელი იარაღს და ასევე მოპარულ უკრაინულ მარცვლეულსაც მოიცავდა.
"ჰუსიტები კრიტიკული საქონლის შესაძენად კვლავ დამოკიდებულები არიან საიდ ალ-ჯამალსა და მის ქსელზე, რომელიც მათ ტერორისტულ სამხედრო მანქანას ამარაგებს". - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა.
"ჩვენი დღევანდელი ნაბიჯი ხაზს უსვამს ჰუსიტების შესაძლებლობების დასუსტებისკენ მიმართულ ჩვენ ძალისხმევას,რათა მათ ვეღარ შეეძლონ რეგიონის დესტაბილიზაცია". - თქვა ბესენტმა.
მანამდე, 29 მარტს აშშ-მ იემენში ჰუსიტების სამხედრო ობიექტებზე ახალი იერიშები მიიტანა.
დარტყმების სამიზნე იემენის რამდენიმე ტერიტორია იყო, რომლებიც ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების მიერ კონტროლდება, მათ შორის, ქვეყნის დედაქალაქი სანაა, ალ-ჯაუფისა და საადას პროვინციები.
აშშ-მ ჰუსიტების სამხედრო ობიექტებზე იერიშების მასშტაბური ტალღა 15 მარტს დაიწყო.





