საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 7 მაისს პარიზში სირიის ახალი რეჟიმის პრეზიდენტს, აჰმედ ალ-შარაას უმასპინძლებს. ინფორმაციას Reuters საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.
განცხადების თანახმად, შეხვედრის დროს მაკრონი კვლავ გაიმეორებს საფრანგეთის მხარდაჭერას "თავისუფალი, სტაბილური და სუვერენული სირიის რეკონსტრუქციის მიმართ, რომელიც სირიელი საზოგადოების ყოველ კომპონენტს სცემს პატივს".
"ეს შეხვედრა ნაწილი იქნება საფრანგეთის ისტორიული ერთგულებისა სირიელი ხალხის მიმართ, რომლებიც მშვიდობისა და დემოკრატიისკენ მიისწრაფვიან". - ნათქვამია პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში.
შეხვედრის დროს მაკრონი ასევე ხაზს გაუსვამს "მის მოთხოვნებს სირიის მთავრობის მიმართ, ძირითადად რეგიონის სტაბილიზაციის, მათ შორის, ლიბანის, და ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ".
მარკონმა საფრანგეთში სირიის ახალი პრეზიდენტი თავდაპირველად თებერვალში მიიწვია მას შემდეგ, რაც ალ-შარაას ხელმძღვანელობით მოქმედმა ისლამისტურმა ძალებმა გასული წლის ბოლოს ბაშარ ალ-ასადის დიქტატურა დაამხეს.
ცნობისთვის, ბაშარ ალ-ასადი, რომელიც სირიას 24 წლის განმავლობაში მართავდა, გასული წლის დეკემბერში ტერორისტულმა ორგანიზაცია ჰაიათ თაჰრირ ალ-შამმა (HTS) დაამხო. ქვეყნის გარდამავალი მთავრობის პრეზიდენტია აჰმედ ალ-შარაა, რომელიც დეკემბერში ასადის რეჟიმის დასამხობად საბრძოლო მოქმედებებს მეთაურობდა.