POLITICO-ს ცნობით, ევროპულ კომისიაში უნგრელი კომისარი ოლივერ ვარჰეი ბლოკის მიერ 2027 წლისთვის რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის აკრძალვის შესახებ გეგმის დამტკიცებას აფერხებს.
როგორც გამოცემას სამი ანონიმური ევროპელი მაღალჩინოსანი ეუბნება, უნგრელმა ევროკომისარმა გეგმის შესაძლო გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათით ადრე შესაბამისი პროცედურები უკვე დაიწყო, რათა წინადადება არ დამტკიცდეს.
მიუხედავად იმისა, რომ ვარჰეის ფორმალური მოვალეობა აქვს, უნგრეთის პოლიტიკური ინტერესებისგან დამოუკიდებლად შეასრულოს ევროკომისრის მოვალეობა, იგი ჯერჯერობით ერთადერთია, რომელიც გეგმის მოწინააღმდეგედ იკვეთება.
იმის გათვალისწინებით, რომ უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი მკვეთრად პრორუსულადაა განწყობილი და დიდი ხანია, ევროკავშირის მიერ რუსული გაზის იმპორტის აკრძალვას ეწინააღმდეგება, ვარჰეის ნაბიჯი, ანონომური მაღალჩინოსნების თქმით, მყისიერ პოლიტიკური სარჩულის მქონედ იქნა აღქმული.
როგორც POLITICO წერს, ასევე ბუნდოვანია, თუ როგორ არის ვარჰეის მოვალეობა და ევროკომისიაში სამუშაო სფერო – ჯანდაცვა და ცხოველთა კეთილდღეობა – რუსეთთან მიმართებით ევროკავშირის ენერგეტიკის პოლიტიკასთან დაკავშირებული.
ქცევის კოდექსი ევროკომისრებს ავალდებულებს, "სრულად დამოუკიდებლები იყვნენ, არც ეძიონ და არც მიიღონ ინსტრუქციები ნებისმიერი მთავრობისგან ან სხვა ინსტიტუტისგან, ორგანოსგან, ოფისისგან თუ სუბიექტისგან".
სამოქმედო გეგმა 6 მაისს იმ შემთხვევაში გამოქვეყნდება, თუ ევროპული კომისიის 27-ვე კომისარი, თითოეული ბლოკის თითო წევრი სახელმწიფოდან, შეხვედრას გამართავს და დოკუმენტს მწვანე შუქს აუნთებს.
ულტრამემარჯვენე და პრორუსული განწყობების მქონე ორბანის მიერ არჩეულმა კომისარმა 6 მაისის შეხვედრაზე განსახილველი სამოქმედო გეგმის შესახებ ეჭვები წამოაყენა, რაც ნიშნავს იმას, რომ ევროკომისრებს ვარჰეის ეჭვების განხილვა მოუწევთ.
6 მაისის შეხვედრის დასრულების შემდეგ რუსული ენერგეტიკიდან ჩახსნის შესახებ გეგმას ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში, ჰან იორგენსენი წარადგენს.
გეგმა, სავარაუდოდ, შეიცავს იმ სამართლებრივ ზომებს, რომლებიც ევროკავშირს შეუძლია, რომ მიიღოს, რათა ევროპულ ენერგოკომპანიებს საშუალება მისცეს, რუსეთთან კონტრაქტები დაჯარიმების გარეშე შეწყვიტონ.