ევროკავშირი 2027 წლისთვის რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის აკრძალვის შესახებ ზომების შემუშავებას გეგმავს, ვინაიდან ბლოკი ცდილობს, სრულად გაწყვიტოს ეკონომიკური კავშირები ქვეყანასთან, რომელიც ერთ დროს მისი უმსხვილესი ენერგომიმწოდებელი იყო. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
Bloomberg-ის ცნობით, გეგმის შესახებ ცნობილი 6 მაისს გახდება. სტრასბურგში ევროკომისია ყოვლისმომცველ გეგმას წარადგენს, რომლის მიხედვითაც კანონპროექტი 2027 წლისთვის რუსული გაზის იმპორტის სრულად აკრძალვის შესახებ ივნისში დარეგისტრირდება.
ამის მისაღწევად წარსული ძალისხმევის მიუხედავად, ის ფაქტი, რომ რუსული ბუნებრივი აირი უფრო იაფია, 27-წევრიანი ბლოკის მიერ მის აკრძალვას ართულებს მით უმეტეს მაშინ, როდესაც ევროკავშირი ენერგიის ფასების შემცირებას ბოლო ხანებია, წარუმატებლად ცდილობს.
როგორც Bloomberg წერს, ევროკავშირისთვის უდიდესი საფიქრალი ამჟამად რუსული თხევადი გაზის იმპორტის მკვეთრი ზრდაა, რაც უმეტესად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული რუსული ენერგოკომპანია Gazprom-ის მიერ გაზსადენებით ტრანსპორტირებული ბუნებრივი აირის იმპორტის მნიშვნელოვანმა შემცირებამ გამოიწვია.
გასულ წელს რუსულმა იმპორტმა ევროკავშირში ბუნებრივი აირის იმპორტის მთლიანი მოცულობის 19% შეადგინა. ეს მაჩვენებელი 2022 წელს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე 40%-ს შეადგენდა.
გამოცემის ცნობით, რუსეთის ენერგეტიკულ ბაზარზე დამოკიდებულების შესამცირებლად, ევროკავშირი ივნისში გეგმავს წინადადებით გამოსვლას, სრულად შეწყდეს ნებისმიერი ტიპის გაზის იმპორტი რუსეთისგან ახალი, გრძელვადიანი კონტრაქტების საფუძველზე, ხოლო უკვე არსებული ე.წ. სპოტ (სწრაფი და მოკლევადიანი) კონტრაქტები, რომლებიც სრული იმპორტის მესამედს შეადგენს, 2025 წლის ბოლომდე შეწყდეს.
როგორც ჩვეულებრივ ბუნებრივ აირს, ისე რუსული თხევადი გაზის უდიდესი ნაწილსაც ევროპის ქვეყნები გრძელვადიანი კონტრაქტებით ყიდულობენ. როგორც Bloomberg წერს, აღნიშნულ კონტრაქტებში მკაცრი პირობებია ("აიღე ან გადაიხადე"), რომელთა მიხედვითაც მომხმარებლებმა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბუნებრივი აირი არ მიეწოდებათ, ფული უნდა გადაიხადონ. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც ევროკავშირისთვის რუსეთთან დადებული გრძელვადიანი კონტრაქტების შეწყვეტა რთულია.
2027 წლისთვის რუსული ბუნებრივი აირის აკრძალვის შესახებ კანონპროექტის დამტკიცება, რომელსაც ევროპული კომისია ივნისში წარადგენს, დამოკიდებულია იმაზე, შეძლებს თუ არა ევროკავშირი ბუნებრივი აირის ალტერნატიული მიმწოდებლების მოძიებას, მათ შორის, აშშ-სგან, კატარიდან, კანადიდან თუ აფრიკის ქვეყნებიდან. Bloomberg-ის მიერ გასულ კვირაში გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან ამ საკითხზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.
აშშ ევროკავშირისთვის თხევადი ბუნებრივი აირის უმსხვილესი მიმწოდებელი და შესაბამისად, რუსული LNG-ის თვალსაჩინო პოტენციური ჩამნაცვლებელია.
ცნობისთვის, Financial Times-მა აპრილში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრიუსელი სამართლებრივ გზებს ეძებდა, რომლებიც ევროპულ კომპანიებს რუსეთთან ბუნებრივი აირის შესყიდვის შესახებ დადებული კონტრაქტებიდან გამოსვლის საშუალებას მისცემდა ისე, რომ მოსკოვისთვის ჯარიმები არ გადაეხადათ.
FT წერდა, რომ ევროპული კომისია კონტრაქტებსა და ფორს-მაჟორის გამოცხადების შესაძლებლობას შეისწავლის, რაც რუსული გაზის იმპორტიორ კომპანიებს დამატებითი გადასახადების გადახდის გარეშე, კონტრაქტით გათვალისწინებული მოვალეობების მიტოვების შესაძლებლობას მისცემდა.
"თუ მთელი იდეა ის არის, რომ რუსეთს არ გადავუხადოთ, მაშინ კომპენსაციის გადახდა მთელ მიზანს გამოუთხრიდა ძირს". - უთხრა გამოცემას ერთ-ერთმა ანონიმურმა ევროპელმა ოფიციალურმა პირმა.
თუმცა, გამოცემის ცნობით, კომისიის იურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სირთულეს წარმოადგენს ის, რომ კონტრაქტები ხშირად გასაიდუმლოებულია და ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან. უკრაინაში მიმდინარე ომის გამოყენება კი, ფორს-მაჟორული მდგომარეობის გამოცხადების მიზნით, შესაძლოა, სამართლებრივად საკმარისი არ აღმოჩნდეს.
როგორც Financial Times წერს, ეს ნაბიჯი ევროკავშირის წინაშე არსებული სირთულეების მანიშნებელია, რომელთა გამოც ბლოკი რუსულ ენერგიაზე და შესაბამისად, კრემლისთვის უკრაინის წინააღმდეგ ომის საწარმოებლად თანხების მიწოდებაზე, უარს ვერ ამბობს.
როგორც Financial Times წერდა, კომისიის იურისტები სამართლებრივ ბერკეტებსა თუ კანონში არსებულ ხვრელებს ეძებდნენ, რათა 2027 წლისთვის ბლოკმა სრულად თქვას უარი რუსულ გაზზე.
ევროკავშირმა 2024 წლის თებერვალსა და 2025 წლის თებერვალს შორის, მკვლევართა ერთ-ერთი ჯგუფის ინფორმაციით, ნავთობისა და ბუნებრივი აირისთვის რუსეთს €21.9 მილიარდი დოლარი გადაუხადა.
განსხვავებით რუსული ქვანახშირისა, ბუნებრივი აირი იმპორტის აკრძალვის სამიზნე არ ყოფილა მაშინ, როდესაც ევროკავშირმა მოსკოვისგან ნავთობის 90%-ის იმპორტი აკრძალა. ბოლო სამი წლის განმავლობაში რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი 60%-ით გაიზარდა, თუმცა ჯამში, რუსული გაზის (თხევადი თუ არათხევადი ფორმით) იმპორტი 2022 წლის შემდეგ კვლავაც მინიმალურ ნიშნულზეა.
რუსული ენერგეტიკიდან ჩახსნის შესახებ ევროკომისიის გეგმა მარტში უნდა გამოქვეყნებულიყო, თუმცა გადაიდო სხვა მიზეზებთან ერთად იმ მიზეზითაც, რომ, სავარაუდოდ, გეგმის შესახებ გამოცხადების შემდგომ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების დაწყებას უნგრეთი და სლოვაკეთი დაბლოკავდნენ. აღნიშნულ ორ ქვეყანაზე ევროკავშირში გაზსადენებით იმპორტირებული რუსული აირის ყველაზე დიდი წილი მოდის. ევროკავშირში კანონის მიღებას კი 27-ვე წევრი სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება.
გეგმის გამოქვეყნება გადაიდო გერმანიისა და რუსეთის დამაკავშირებელი Nord Stream გაზსადენის შესახებ აშშ-ს ადმინისტრაციასა და რუსეთს შორის დაწყებული მოლაპარაკებების გამოც. როგორც Financial Times წერს, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებებში Nord Stream-ის პროექტის აღდგენის საკითხს ერთ-ერთ ბერკეტად განიხილავს.