EU-რუსეთი

FT: EU სამართლებრივ გზებს ეძებს, რათა ბუნებრივ აირზე რუსეთთან არსებული კონტრაქტები გაწყვიტოს

Getty Images

ბრიუსელი სამართლებრივ გზებს ეძებს, რომლებიც ევროპულ კომპანიებს რუსეთთან ბუნებრივი აირის შესყიდვის შესახებ დადებული კონტრაქტებიდან გამოსვლის საშუალებას მისცემდა ისე, რომ მოსკოვისთვის ჯარიმები არ გადაეხადათ. ინფორმაციას Financial Times ავრცელებს

გამოცემის ცნობით, ევროპული კომისია კონტრაქტებსა და ფორს-მაჟორის გამოცხადების შესაძლებლობას შეისწავლის, რაც რუსული გაზის იმპორტიორ კომპანიებს დამატებითი გადასახადების გადახდის გარეშე, კონტრაქტით გათვალისწინებული მოვალეობების მიტოვების შესაძლებლობას მისცემდა. 

"თუ მთელი იდეა ის არის, რომ რუსეთს არ გადავუხადოთ, მაშინ კომპენსაციის გადახდა მთელ მიზანს გამოუთხრიდა ძირს". - უთხრა გამოცემას ერთ-ერთმა ანონიმურმა ევროპელმა ოფიციალურმა პირმა. 

თუმცა, გამოცემის ცნობით, კომისიის იურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სირთულეს წარმოადგენს ის, რომ კონტრაქტები ხშირად გასაიდუმლოებულია და ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან. უკრაინაში მიმდინარე ომის გამოყენება კი, ფორს-მაჟორული მდგომარეობის გამოცხადების მიზნით, შესაძლოა, სამართლებრივად საკმარისი არ აღმოჩნდეს. 

როგორც Financial Times წერს, ეს ნაბიჯი ევროკავშირის წინაშე არსებული სირთულეების მანიშნებელია, რომელთა გამოც ბლოკი რუსულ ენერგიაზე და შესაბამისად, კრემლისთვის უკრაინის წინააღმდეგ ომის საწარმოებლად თანხების მიწოდებაზე, უარს ვერ ამბობს. 

მოსკოვის ბუნებრივი აირი ბლოკისთვის გაზსადენებით მიწოდებული აირის მხოლოდ 11%-ს შეადგენს. 2022 წელს, ომის დაწყებამდე, ეს მაჩვენებელი სრული მოცულობის 2/5-ს შეადგენდა. თუმცა, ბოლო სამი წლის განმავლობაში ევროკავშირში გაიზარდა რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტი. 

როგორც Financial Times წერს, კომისიის იურისტები სამართლებრივ ბერკეტებსა თუ კანონში არსებულ ხვრელებს ეძებენ, რათა 2027 წლისთვის ბლოკმა სრულად თქვას უარი რუსულ გაზზე.

ამავდროულად, ევროკომისიის გეგმაზე ცნობები ევროკავშირისთვის კრიტიკულ დროს ვრცელდება, ვინაიდან ბლოკი ცდილობს, აშშ-ს ახალი ენერგეტიკული შეთანხმება წარუდგინოს, რათა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სატარიფო რეჟიმს გაუწიოს წინააღმდეგობა. 

აშშ ევროკავშირისთვის თხევადი ბუნებრივი აირის უმსხვილესი მიმწოდებელი და შესაბამისად, რუსული LNG-ის თვალსაჩინო პოტენციური ჩამნაცვლებელია. 

ევროკავშირმა 2024 წლის თებერვალსა და 2025 წლის თებერვალს შორის, მკვლევართა ერთ-ერთი ჯგუფის ინფორმაციით, ნავთობისა და ბუნებრივი აირისთვის რუსეთს €21.9 მილიარდი დოლარი გადაუხადა. 

განსხვავებით რუსული ქვანახშირისა, ბუნებრივი აირი იმპორტის აკრძალვის სამიზნე არ ყოფილა მაშინ, როდესაც ევროკავშირმა მოსკოვისგან ნავთობის 90%-ის იმპორტი აკრძალა. ბოლო სამი წლის განმავლობაში რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი 60%-ით გაიზარდა, თუმცა ჯამში, რუსული გაზის (თხევადი თუ არათხევადი ფორმით) იმპორტი 2022 წლის შემდეგ კვლავაც მინიმალურ ნიშნულზეა. 

რუსული ენერგეტიკიდან ჩახსნის შესახებ ევროკომისიის გეგმა მარტში უნდა გამოქვეყნებულიყო, თუმცა გადაიდო სხვა მიზეზებთან ერთად იმ მიზეზითაც, რომ, სავარაუდოდ, გეგმის შესახებ გამოცხადების შემდგომ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების დაწყებას უნგრეთი და სლოვაკეთი დაბლოკავდნენ. აღნიშნულ ორ ქვეყანაზე ევროკავშირში გაზსადენებით იმპორტირებული რუსული აირის ყველაზე დიდი წილი მოდის. ევროკავშირში კანონის მიღებას კი 27-ვე წევრი სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება. 

გეგმის გამოქვეყნება გადაიდო გერმანიისა და რუსეთის დამაკავშირებელი Nord Stream გაზსადენის შესახებ აშშ-ს ადმინისტრაციასა და რუსეთს შორის დაწყებული მოლაპარაკებების გამოც. როგორც Financial Times წერს, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებებში Nord Stream-ის პროექტის აღდგენის საკითხს ერთ-ერთ ბერკეტად განიხილავს. 

თუმცა, როგორც Financial Times-ს ევროპული კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უთხრა, გეგმა "სამიდან ოთხ კვირამდე" ვადაში გამოქვეყნდება. 

კომენტარები