რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ფიცო ზელენსკის 9 მაისს ცეცხლის შეწყვეტაზე უარის გამო აკრიტიკებს

სლოვაკეთის პრემიერმინისტრი, რობერტ ფიცო
TASR – Jaroslav Novák

სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა, რობერტ ფიცომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინის 9 მაისის ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებაზე უარის თქმისა და მისი განცხადების გამო გააკრიტიკა, რომლის მიხედვითაც უკრაინა 9 მაისის მოსკოვში სამხედრო აღლუმზე უცხოელი ლიდერების უსაფრთხოებაზე გარანტიებს ვერ გასცემს.

ფიცოს თქმით, ზელენსკის ეს განცხადება იმ პრეზიდენტებისა და პრემიერმინისტრების მიმართ, რომლებიც გამარჯვების დღეს მოსკოვში ჩასვლას გეგმავენ, მუქარას ჰგავდა. "ეს ასე არ ხდება" - თქვა ფიცომ

სლოვაკეთის პრემიერმინისტრის თქმით მას სრულიად ესმის, რომ 9 მაისის აღლუმზე უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი რუსეთია, თუმცა მისი აზრით, ზელენსკის ჰგონია, რომ ამგვარი "ხისტი განცხადებებით" სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს მოსკოვში ჩასვლას გადააფიქრებინებს, მაგრამ ფიცოს თქმით, უკრაინის პრეზიდენტი "ძალიან ცდება".

"ღმერთო ჩემო, მეორე მსოფლიო ომში, 1941-1945 წლებში, უკრაინელი ჯარისკაცებიც დიდი რაოდენობით დაიღუპნენ. პირიქით, როდესაც [გამარჯვების] 80 წლისთავის აღნიშვნაზე იყო საუბარი, ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივა უნდა მიეღოთ. და თუ ვინმეს არ სურს მეორე მსოფლიო ომის დასრულების მოლოცვა, ჩუმად მაინც დარჩეს.

ეს ღრმა უპატივცემულობაა, როდესაც ვიღაც ეუბნება ქვეყანას, რომელმაც ფაშიზმზე გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა და წარმოუდგენელი დანაკარგები განიცადა: ‘კარგი, იზეიმეთ, იქნებ დრონი ან რამე მსგავსი გამოგიგზავნოთ’. ჩემთვის ეს სრულიად მიუღებელია" - თქვა ფიცომ.


3 მაისს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას უარყო პუტინის შეთავაზება  9 მაისს დაგეგმილი პუტინის აღლუმის ფონზე 8-11 მაისს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მას "თეატრალური დადგმა" უწოდა და პუტინს აშშ-ს მიერ შეთავაზებული 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ თუკი რუსეთი რეალური ცეცხლის შეწყვეტაზე საუბრისთვის ნამდვილად მზად არის, "ამერიკულ სტრატეგიას უნდა დაუჭირონ მხარი და 30 დღის განმავლობაში ცეცხლი შეწყვიტონ".

 ასევე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ 9 მაისს მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებასთან დაკავშირებით დაგეგმილ აღლუმში მონაწილე მსოფლიო ლიდერების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი მოსკოვია.

"ჩვენი პოზიცია ძალიან მარტივია ყველა ქვეყნის [ლიდერის, მოქალაქის] მიმართ, რომელსაც რუსეთში უმგზავრია ან 9 მაისს აპირებს გამგზავრებას – ჩვენ ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ხდება. თქვენს უსაფრთხოებას ისინი უზრუნველყოფენ". - თქვა ზელენსკიმ. 

კომენტარები