აშშ-ს თეთრი სახლი ვაშინგტონსა და კიევს შორის 30 აპრილს გაფორმებული შეთანხმების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
30 აპრილს ვაშინგტონში აშშ-სა და უკრაინას შორის გაფორმდა შეთანხმება, რომელიც აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნას ისახავს მიზნად.
"ეს შეთანხმება წარმოადგენს აშშ-ს ეკონომიკურ ჩართულობას უკრაინის თავისუფალი, მშვიდობიანი და სუვერენული მომავლის უზრუნველსაყოფად.
შეთანხმება გააძლიერებს სტრატეგიულ პარტნიორობას აშშ-სა და უკრაინას შორის გრძელვადიანი რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციისთვის, იმ მასშტაბური დესტრუქციის საპასუხოდ, რომელიც რუსეთს სრულმასშტაბიანმა შეჭრამ გამოიწვია". – ვკითხულობთ თეთრი სახლის განცხადებაში.
განცხადების თანახმად, შეთანხმება ორ ქვეყანას შორის სრულად კოლაბორაციულ თანამშრომლობას ითვალისწინებს, რომლითაც სარგებელს როგორც აშშ, ისე უკრაინა მიიღებს.
"ეს შეთანხმება მკაფიო გზავნილია რუსეთისთვის – აშშ-ს საკუთარი ინტერესი აქვს და მზად არის, მხარი დაუჭიროს უკრაინის გრძელვადიან წარმატებას". – აღნიშნულია განცხადებაში.
თეთრი სახლის განცხადებაში ასევე ჩამოთვლილია ის სარგებლები, რომლებსაც ორი ქვეყანა უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის ოპერირების შედეგად მიიღებს:
- უკრაინასა და აშშ-ს შორის ამ თანამშრომლობის საფუძველზე შეიქმნება ფონდი, რომელიც მიიღებს უკრაინის ბუნებრივი რესურსების პროექტებიდან მიღებული ჰონორარების, ლიცენზიის გადასახადებისა და სხვა მსგავსი შემოსავლების 50 პროცენტს.
- ეს თანხები ინვესტიციის სახით ჩაიდება ახალ პროექტებში უკრაინაში, რაც გრძელვადიან შემოსავალს შექმნის როგორც ამერიკელი, ისე უკრაინელი ხალხისთვის.
- ახალი პროექტები წამოწყებისას, ფონდის რესურსები სწრაფად გადანაწილდება ეკონომიკური ზრდის, სამუშაო ადგილების შექმნისა და უკრაინის განვითარების სხვა პრიორიტეტების მხარდასაჭერად.
- არაპირდაპირი სარგებელი იქნება კერძო სექტორის გაძლიერება და უფრო მტკიცე და მდგრადი ინფრასტრუქტურა, რაც უკრაინის გრძელვადიან წარმატებას შეუწყობს ხელს.
- შეთანხმების ზედამხედველი იქნება კომპანია, რომლის დირექტორთა საბჭოშიც თანაბრად იქნებიან წარმოდგენილი სამი უკრაინელი და სამი ამერიკელი წევრი. ისინი კოლაბორაციული პროცესის გზით მიიღებენ გადაწყვეტილებებს ფონდიდან რესურსების გამოყოფასთან დაკავშირებით, როგორიცაა ინვესტიციები და [თანხების] განაწილებები.
- თანამშრომლობა ასევე უზრუნველყოფს უმაღლეს გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, რათა უკრაინისა და აშშ-ს მოქალაქეებმა თანაბრად ისარგებლონ უკრაინის რეკონსტრუქციით.
- ბუნებრივი წიაღისეულის პროექტებში შედის მინერალების, ნახშირწყალბადებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება.
- თუ აშშ გადაწყვეტს, რომ ამ რესურსების შეძენა სურს, გვექნება პრიორიტეტი, თავად შევიძინოთ ისინი ან თავად ავირჩიოთ ის, ვინც მათ შეიძენს.
- ეკონომიკური უსაფრთხოება ნიშნავს სახელმწიფო უსაფრთხოებას, ეს მნიშვნელოვანი მექანიზმი საშუალებას იძლევა, რომ კრიტიკული რესურსები არ მოხვდეს არასწორ ხელში.
- ამასთან, ეს შეთანხმება მკაფიო გზავნილია რუსეთისთვის - აშშ-ს საკუთარი ინტერესი აქვს და მზად არის, მხარი დაუჭიროს უკრაინის გრძელვადიან წარმატებას.
- ვერცერთი სახელმწიფო, კომპანია ან პირი, რომელმაც დააფინანსა ან მოამარაგა რუსეთის ომის მანქანა, ვერ ისარგებლებს უკრაინის რეკონსტრუქციით და ვერ ჩაერთვება პროექტებში, რომლებიც ფონდის რესურსებით იქნება დაფინანსებული.





