რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რას მოიცავს აშშ-უკრაინის წიაღისეულის შეთანხმება

30 აპრილს ვაშინგტონში აშშ-სა და უკრაინას შორის გაფორმდა შეთანხმება, რომელიც აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნას ისახავს მიზნად.

შეთანხმებას ხელი უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა, იულია სვირიდენკომ და აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა მოაწერეს.

"აშშ მზად არის დაეხმაროს უკრაინას ამ სასტიკი და უაზრო ომის დასრულებაში. ეს შეთანხმება მკაფიო სიგნალს უგზავნის რუსეთს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია სამშვიდობო პროცესის ერთგულია, რომელიც ორიენტირებულია გრძელვადიან პერსპექტივაში თავისუფალ, სუვერენულ და აყვავებულ უკრაინაზე. პრეზიდენტმა ტრამპმა წარმოიდგინა ეს პარტნიორობა ამერიკელ ხალხსა და უკრაინელ ხალხს შორის, რათა ორივე მხარის ერთგულება გამოეჩინა უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის. ნათლად რომ ვთქვათ, არც ერთ სახელმწიფოს ან ინდივიდს, რომელიც აფინანსებდა ან ამარაგებდა რუსეთის სამხედრო მანქანას, არ მისცემს უფლებას უკრაინის რეკონსტრუქციით ისარგებლოს". - თქვა ბესენტმა.

იულია სვირიდენკომ კი სოციალურ ქსელში წიაღისეულის შეთანხმების ძირითადი დებულებები გამოაქვეყნა.

  • ყველა რესურსი რჩება უკრაინის საკუთრებაში – ეს გათვალისწინებულია ხელშეკრულებით.
  • საინვესტიციო ფონდი იქმნება 50/50-ზე პრინციპით. უკრაინა და აშშ ერთობლივად მართავენ ფონდს. არც ერთ მხარეს არ ექნება დომინანტი ხმა.
  • შეთანხმება არ ითვალისწინებს ცვლილებებს პრივატიზაციის პროცესებში ან სახელმწიფო კომპანიების მენეჯმენტში – ისინი კვლავ რჩებიან უკრაინის საკუთრებაში. კომპანიები, როგორებიცაა Укрнафта და Енергоатом რჩება უკრაინის სახელმწიფო საკუთრებაში.
  • შეთანხმებაში არ არის ნახსენები უკრაინის რაიმე ფინანსური ვალდებულება აშშ-ს მიმართ.
  • შეთანხმება შეესაბამება უკრაინის კონსტიტუციას და არ ცვლის ევროინტეგრაციის კურსს.
  • დოკუმენტი შეესაბამება ეროვნულ კანონმდებლობას და არ ეწინააღმდეგება უკრაინის არცერთ საერთაშორისო ვალდებულებას.
  • ფონდი შეივსება მხოლოდ ახალი ლიცენზიებიდან მიღებული შემოსავლებით. ეს ეხება მინერალების და ნავთობისა და გაზის პროექტების ახალი ლიცენზიებიდან მიღებული თანხების 50%-ს, რომელიც ფონდის შექმნის შემდეგ ბიუჯეტში შევა. ფონდში არ შედის უკვე დაწყებული პროექტებიდან მიღებული ან ბიუჯეტით გათვალისწინებული შემოსავლები.
  • საკანონმდებლო ცვლილებები მინიმალურია. გათვალისწინებულია მხოლოდ ბიუჯეტის კოდექსში შესატანი ცვლილებები, რათა უზრუნველყოფილი იყოს ფონდის ფუნქციონირება. თავად შეთანხმება კი უნდა რატიფიცირდეს უკრაინის პარლამენტის მიერ.
  • აშშ დაეხმარება უკრაინას ინვესტიციების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მოზიდვაში განვითარების ფინანსური კორპორაციის (DFC) მეშვეობით.
  • ფონდის შემოსავალი და შენატანები არ დაიბეგრება არც აშშ-ში და არც უკრაინაში.

"აშშ ფონდის საქმიანობაში მონაწილეობს. ფულადი შენატანების გარდა, მათ შესაძლოა, დახმარება გაუწიონ უკრაინას ახალი გზებითაც, მაგალითად, საჰაერო თავდაცვის სისტემებით. მოლოდინია, რომ ფონდის მოგება და შემოსავალი პირველი 10 წლის განმავლობაში არ გადანაწილდება, არამედ მოხდება რეინვესტირება უკრაინაში – ახალ პროექტებში ან აღდგენაში. ამ პირობების შესახებ დამატებითი განხილვები კვლავ გაგრძელდება". - დაამატა სვირიდენკომ.

ამასთან, როგორც ახლად დადებული შეთანხმების შესახებ აშშ-ს თეთრი სახლის განცხადებაშია აღნიშნული, "თუ აშშ გადაწყვეტს, რომ [უკრაინის] რესურსების შეძენა სურს, გვექნება პრიორიტეტი, თავად შევიძინოთ ისინი ან თავად ავირჩიოთ ის, ვინც მათ შეიძენს".

კომენტარები