პარტია გახარია-საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი, ანა ბუჩუკური ამბობს, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პლატფორმასთან 2 საკითხზე თანამშრომლობენ - ესაა პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ევროპული პერსპექტივის გადარჩენა, რაშიც, მისი თქმით, ახალი არჩევნები იგულისხმება.
გუშინ, 30 აპრილს საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგობის პლატფორმა ევროკავშირის ელჩსა და ევროპული ქვეყნების დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა. ფორმულას ჟურნალისტმა ბუჩუკურს, ჰკითხა იყო თუ არა მათი პარტიის წარმომადგენელი, შეხვედრაზე.
ბუჩუკურის განმარტებით, შეხვედრაზე არ ყოფილან, რადგან პლატფორმასთან მხოლოდ ორ საკითხზე თანამშრომლობენ, რაც შეეხება საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობებს, მისივე თქმით, გიორგი გახარია უბრალოდ "ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერი" არაა, მას საერთაშორისო პარტნიორებთან პირადი კონტაქტებიც აქვს - "გახარია ქვეყნის ყოფილი პრემიერმინისტრია და განსხვავებული კომუნიკაციები აქვს საერთაშორისო პარტნიორებთან".
"საერთაშორისო მიმართულებით, თქვენ იცით, რომ გახარია არ არის მხოლოდ ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერი, ის არის ყოფილი პრემიერმინისტრი და მას, რა თქმა უნდა, მრავალი წლის ურთიერთობა, პერსონალურიც მათ შორის, აქვს ჩვენს პარტნიორებთან. საერთაშორისო მიმართულებით, არის საკითხები სადაც ერთად ხდება კომუნიკაცია პარტნიორებთან, არის საკითხები, როდესაც ცალკე და ინდივიდუალურად. ხშირად არის, რომ ინდივიდუალურად ხდება, ამაში გასაკვირი არაფერია.
ქალბატონ ზურაბიშვილის პლატფორმასთან ორ საკითხზე თანამშრომლობაში ვრჩებით, ერთი არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და მეორე - ევროპული პერსპექტივის გადარჩენა, აქ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ახალი არჩევნები იგულისხმება
გახარია ქვეყნის ყოფილი პრემიერმინისტრია და განსხვავებული კომუნიკაციები აქვს საერთაშორისო პარტნიორებთან". - განაცხადა ბუჩუკურმა ფორმულას ეთერში.
30 აპრილს, შეხვედრის შემდეგ ზურაბიშვილმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს იყო წარდგენითი შეხვედრა, სადაც სტუმრები პლატფორმის მუშაობის ფორმატს გაეცნენ, გაიმართა დისკუსია ევროკავშირის პოლიტიკაზე საქართველოს პოლიტიკური დღის წესრიგთან მიმართებით და მხარეები შეთანხმდნენ, რომ პლატფორმის ერთ-ერთი ქვეჯგუფი, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციაზე მუშაობს, მუდმივ კავშირში იქნება დღევანდელ სტუმრებთან.





