ივანიშვილის ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველოც და აშშ-ც დაინტერესებული არიან, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები უფრო მეტად მჭიდრო გახდეს.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ძირითად პარტნიორებთან დიალოგი და ურთიერთობების გადატვირთვა. იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში, აშშ-სთან ურთიერთობები სასურველ ნიშნულზე არ იყო, განსაკუთრებით, მათი წინა ადმინისტრაციის ბოლო პერიოდში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ვითარება შეიცვალოს და გამოსწორდეს.
როგორც საქართველო, ასევე აშშ პრაგმატულად დაინტერესებულია, რომ ეს ურთიერთობები უფრო მეტად მჭიდრო და ურთიერთხელსაყრელი იყოს. ამიტომ, ჩვენს პარტნიორებთან დიალოგი ამ თემის გარშემო მიმდინარეობს, რომ ჩვენი თანამშრომლობა უფრო მეტად ურთიერთხელსაყრელი გავხადოთ. ეს რაციონალური და პრაგმატული მიდგომა აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისთვის აბსოლუტურად მისაღებია". - თქვა დავითაშვილმა.
დავითაშვილმა კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი აშშ-ში გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით და თქვა, რომ დიალოგი პოზიტიურია და აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან "ძალიან ბევრ საკითხშია პოზიციების თანხვედრა".
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ივანიშვილის წარმომადგენელ ლევან დავითაშვილთან გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით გამოცემა globalnews.ge-ს შეკითხვას უპასუხა.
"დახურულ დიპლომატიურ საუბრებზე კომენტარს არ ვაკეთებთ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ნათლად აჩვენა, თუ რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლია საქართველოს მთავრობას, რათა დაამტკიცოს, რომ იგი სერიოზულადაა განწყობილი აშშ-სთან ურთიერთობის გაუმჯობესების კუთხით". - განაცხადა სახდეპმა.
დავითაშვილმა შეხვედრა გამართა სახელმწიფო დეპარტამენტში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ჯოშუა ჰაკთან.





