საგამოძიებო კომისია

სუბარი საგამოძიებო კომისიაზე: დარწმუნებული ვარ, საკონსტიტუციო სასამართლო ენმ-ს აკრძალავს

რაც შეეცება, რა შეიძლება იყოს დასკვნა [საგამოძიებო კომისიის]: ძალიან ბევრი საქმე ბუნებრივია, გადაიგზავნება პროკურატურაში და ზოგ საქმეზე შეიძლება ვადა გადასული იყოს, მაგრამ ზოგ საქმეზე ჯერ კიდევ არის ვადები იმისი, რომ თავიდან გაიხსნას გამოძიებები და ადამიანებმა აგონ პასუხი - კრიმინალებმა, დამნაშავეებმა. ძალიან ბევრი საქმეა, ადამიანები, რომლებიც არიან დაზარალებული და მათი უფლებები არ აღმდგარა. ხშირ შემთხვევაში, ეს არის ქონებრივი ზიანი და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი დასკვნა იქნება საფუძველი, რომლის შედეგადაც ძალიან ბევრი ადამიანის ქონებრივი უფლება აღდგება და ამას სჭირდება პოლიტიკური ნება პირველ რიგში და ეს პოლიტიკური ნება უნდა გამოავლინოს ქართულმა სახელმწიფომ.

და ბოლოს, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება ჩვენი მხრიდან, პარლამენტის მხრიდან, რომ ამ დასკვნის საფუძველზე შესაბამისი სარჩელით მივმართოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ აიკრძალოს ნაციონალური მოძრაობა და ყველა ის დამნაშავე ორგანიზაცია, რომელიც ნაციონალური მოძრაობიდან წარმოიშვა - რომ მათ არ ჰქონდეთ პოლიტიკაში მონაწილეობის უფლება. ეს არის სამართლიანობის აღდგენისკენ გადადგმული მთავარი ნაბიჯი და ამის მაგალითები ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს. ბოლო 30 წლის განმავლობაში 150-ზე მეტი პარტი არის ევროპაში აკრძალული. ოღონდ, ყველა ამ პარტიას ერთად აღებულს არ აქვს იმდენი დანაშაული ჩადენილი თავისი ხალხის და თავისი სამშობლოს წინაშე, რაც აქვს ნაციონალურ მოძრაობას ჩადენილი. არამხოლოდ ქართველების წინაშე, არამხოლოდ საქართველოს წინაშე, არამედ ზოგადად ადამიანების და ადამიანურობის წინააღმდეგ. ეს არის დანაშაულები, რომლებიც უბრალოდ სცილდება ადამიანურობის ზღვარს და ამის გამო ბუნებრივია, მისი [ენმ-ს] აკრძალვის საკითხი უნდა დადგეს და დარწმუნებული ვარ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა გზა არც ექნება, გარდა იმისა, რომ მიიღოს ეს ერთადერთი სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება.

თქვა ივანიშვილის სატელიტი პარტიის, ხალხის ძალის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა იმედი live-ის ეთერში საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნასთან დაკავშირებით.

კომენტარები