გლდანის რაიონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცხოველთა თავშესაფარი აშენდება - ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
როგორც კალაძემ თქვა, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსა და კონტრაქტორ კომპანიას შორის ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია.
"დედაქალაქში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს მიუსაფარი ცხოველები, რაც მოსახლეობას ძალიან აწუხებს. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო აქტიურად მუშაობს უპატრონო ცხოველების სტერილიზაციის მიმართულებით, მათი სწრაფი გამრავლება მაინც ხდება, დედაქალაქში არსებული თავშესაფარი კი არსებულ რაოდენობას ვერ უმკლავდება.
სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება და გლდანის რაიონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცხოველთა თავშესაფარი აშენდება.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსა და კონტრაქტორ კომპანიას შორის ხელშეკრულება უკვე გაფორმდა და მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება.
პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ინდივიდუალური ვოლიერები, ლაბორატორია, საოპერაციო ბლოკები, პოსტოპერაციული სივრცე და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა, რომელიც უახლესი აპარატურითა და ტექნიკით აღიჭურვება"- თქვა კალაძემ.
როგორც მან განმარტა, ახალი თავშესაფარი 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.





