აშშ-პოლონეთი

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა პოლონეთის მიერ 400 საჰაერო რაკეტის შესყიდვის ნებართვა გასცა

F-35 უშვებს AIM-120 ტიპის რაკეტას

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გასცა ნებართვა, რომლის მეშვეობითაც შესაძლოა პოლონეთის მხრიდან ამერიკული AIM-120D ჰაერი-ჰაერი ტიპის რაკეტების დიდი პარტიის შესყიდვა მოხდეს.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სამხედრო შესყიდვაზე ნებართვის გაცემა პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ახლა შესყიდვის ნებართვის საკითხი განსახილველად კონგრესს გადაეცემა.

როგორც თავდაცვის სამინისტროს უსაფრთხოების კოოპერაციის სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი, საუბარია 1.33 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტზე.

პოლონეთის მთავრობამ აშშ-ს სთხოვა AIM-120D3 AMRAAM-ის ტიპის 400 ცალი რაკეტისა და დამატებითი საჭირო აპარატურის შესყიდვა.

უსაფრთხოების კოოპერაციის სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ შესაძლო შესყიდვა "მხარს დაუჭერს აშშ-ს საგარეო პოლიტიკის მიზნებსა და ეროვნულ უსაფრთხოებას NATO-ს იმ მოკავშირის უსაფრთხოების გამტკიცებით, რომელიც ევროპაში პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის ძალად გვევლინება".

პოლონეთი ამ თანამედროვე რაკეტებით F-16-ისა და F-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების აღჭურვას შეძლებს.

კომენტარები