რუსული რეჟიმი

NGO-ები ჩხრეკაზე: მოვუწოდებთ პარტნიორებს, ამ კრიტიკულ მომენტში გვერდით დაგვიდგენენ

არასამთავრობო ორგანიზაციები 29 აპრილს, პროკურატურის მიერ ჩატარებულ ჩხრეკებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

ორგანიზაციების შეფასებით, "ეს ქმედებები შიშის დამკვიდრებასა და დამოუკიდებელ სამოქალაქო საქმიანობის შეზღუდვაზე მიმართული კიდევ ერთი მცდელობაა".

"აღნიშნული ქმედებების სამიზნეს წარმოადგენენ ის ადამიანები, რომლებიც ჰუმანიტარული საქმიანობის წინა ხაზზე დგანან და ეხმარებიან ჩვენი საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, დაბალშემოსავლიან ოჯახებსა და ძალადობის მსხვერპლებს. ეს ორგანიზაციები არსებით როლს ასრულებენ იმ სფეროებში, სადაც სახელმწიფო მხარდაჭერა არასაკმარისია და უზრუნველყოფენ საკვებს, თავშესაფარს, სამედიცინო დახმარებას, განათლებასა და ფსიქოსოციალურ სერვისებს მათთვის, ვისთვისაც ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია.

სახელმწიფო ძალაუფლების გამოყენება ამგვარი ფონდების საქმიანობის ხელშესაშლელად არა მხოლოდ მორალურად გაუმართლებელია, არამედ მიმართულია თანაგრძნობის გამოხატვის კრიმინალიზაციისა და იმ ადამიანების გაჩუმებისკენ, ვინც ღირსებისა და სამართლიანობისთვის იბრძვის. ჩხრეკები, რომლებიც არასათანადო სამართლებრივი საფუძვლისა და გამჭვირვალობის გარეშე ჩატარდა, პოლიტიკურად მოტივირებულია და წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართული ფართო კამპანიის ნაწილს". - ნათქვამია განცხადებაში. 

მათივე განცხადებით, ეს თავდასხმა საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის ზოგადი ტენდენციის ნაწილია, რაც ქართული ოცნების მიერ მიღებულ რეპრესიულ კანონებსაც მოიცავს.

ორგანიზაციები საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებენ, "მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია აღნიშნულ ქმედებებზე და ამ კრიტიკულ მომენტში ქართველი ხალხისა და სამოქალაქო საზოგადოების გვერდით დადგნენ".

"ჩვენ ვერ დაგვაშინებენ. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ მათ დახმარებას,ვისაც ეს სჭირდება. ჩვენ დავიცავთ საქართველოს დემოკრატიულ მომავალს". - წერია განცხადებაში. 

პროკურატურამ ივანიშვილის სატელიტი, ვატო შაქარაშვილის მოძრაობის მიმართვის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დღეს დილიდან 5 პირის საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკა. აღსანიშნავია, რომ ორსული მარიამ ბაჯელიძე 7 წლის შვილის თანდასწრებით გაჩხრიკეს.

პროკურატურის წარმომადგენლები შევიდნენ ნანუკას ფონდის დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის, სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ ბაჯელიძის, ასევე მარიამ გეგუჩაძის და ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის, ლაშა არველაძის, ასევე გუგა ხელაიას საცხოვრებელ სახლებში.

ცნობისთვის 18 იანვარს, ივანიშვილის სატელიტმა მოძრაობამ, ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ პროკურატურას "პოლიტიკური ველის ჯაშუშებისგან გასაწმენდად" განცხადებით მიმართა.

სატელიტების მიმართვის საფუძველზე, პროკურატურამ 8 თებერვალს გამოძიება დაიწყო. 

ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააყადაღეს რამდენიმე ფონდი, რომლებიც, მათ შორის, აქციების დროს დაკავებულ მოქალაქეებს დახმარებას უწევდნენ.

კომენტარები