საფრანგეთის ეროვნული ანტიტერორისტული პროკურატურის (PNAT) ინფორმაციით, საფრანგეთის ციხეებზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის ბრალდებით 28 აპრილს სულ მცირე 25 ადამიანი დააკავეს.
"მსურს მადლობა გადავუხადო მოსამართლეებს და სამართალდამცავებს, რომლებმაც დღეს დილას ჩვენს ციხეებსა და ციხის პერსონალზე თავდასხმებზე პასუხისმგებელი პირები დააკავეს". - დაწერა საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა, ჟერალ დარმანენმა პლატფორმა X-ზე.
PNAT-ის ინფორმაციით, ხუთი სხვადასხვა ღამის განმავლობაში, საფრანგეთის სულ მცირე 10 ციხეს დაესხნენ თავს. სამართალდამცავების ინფორმაციით, თავდამსხმელები ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს იყენებდნენ.
დარმანენმა და საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბრუნო რეტაიომ განაცხადეს, რომ თავდასხმების უკან, სავარაუდოდ, ნარკომოვაჭრეები დგანან, რომლებიც მთავრობის მხრიდან კრიმინალური დაჯგუფებებთან ბრძოლას ეწინააღმდგებიან.
PNAT-ის ცნობით, გამოძიებაში პარიზის პროკურატურის ორგანიზებული დანაშაულის განყოფილება JUNALCO-ც არის ჩართული.
მიმდინარე თვეს ვილპინტის, ნანტერის, ექს-ლუინსა და ვალანსის ციხეების მიმდებარედ ავტომობილები დაიწვა, ხოლო ნანსიში, ციხის თანამშრომელს სახლში დაემუქრნენ.
სამხრეთ საფრანგეთში, ტულონის ციხის შესასვლელს კი ცეცხლი АК-47 ტიპის ავტომატური იარაღიდან გაუხსნეს.
სამართალდამცავების თქმით, თავდასხმის ადგილას ბევრგან აღმოჩენილი იყო წარწერა "DDPF" — რაც, სავარაუდოდ, "ფრანგი პატიმრების უფლებებს" ნიშნავს და შესაძლოა, ულტრამემარცხენე დაჯგუფებას უკავშირდებოდეს.