ჯინ ჰეკმანი

ჯინ ჰეკმანის სიკვდილის მიზეზი ცნობილია

ჯინ ჰეკმანი
nme.com

ნიუ-მექსიკოს შტატის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზამ მსახიობ ჯინ ჰეკმანის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი დაასახელა.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ჰეკმანის სიკვდილის მიზეზი გულის უკმარისობა გახდა.

გარდა ამისა, მსახიობს თირკმელების სერიოზული ცვლილებები ჰქონდა და ალცჰეიმერის გვიანი სტადიის სიმპტომები აღენიშნებოდა.

ჰეკმანს არაერთი გულის ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული, 2019 წელს მან კარდიოსტიმულატორი ჩაიდგა და აორტის სარქველი გამოიცვალა.

95 წლისს ოსკაროსანი მსახიობი და მისი 65 წლის ცოლი ბეტსი არაკავა 2025 წლის 27 თებერვალს, სანტა-ფეში, საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს.

ექსპერტიზამ დაადგინა, რომ არაკავა ჰეკმანზე ერთი კვირით ადრე გარდაიცვალა, მისი სიკვდილის მიზეზი იშვიათი ვირუსი გახდა, რომელიც ადამიანს მღრღნელებისგან შეიძლება გადაედოს. 

გამომძიებლების აზრით, ჰეკმანი პროგრესირებადი დემენციის ფონზე, ერთი კვირის განმავლობაში ვერ აღიქვამდა, რომ მისი ცოლი გარდაცვლილია.


ჯინ ჰეკმანმა 40-წლიანი კარიერის განმავლობაში, არაერთი დასამახსოვრებელი პერსონაჟი შექმნა.

პირველი დასამახსოვრებელი როლი შეასრულა 1967 წელს ფილმში ბონი და კლაიდი

მსოფლიო პოპულარობა და პირველი ოსკარი ჰეკმანს უილიამ ფრიდკინის French Connection-ში შესრულებულმა მთავარმა როლმა მოუტანა.

1970-იან წლებში შეასრულა როლები ფილმებში The Conversation, Young Frankenstein, The Domino Principle, A Bridge Too Far, Superman, Superman II.

1992 წელს კლინტ ისტვუდის ვესტერნში The Unforgiven შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის მიიღო მეორე ოსკარი.

ბოლო დასამახსოვრებელი როლი ითამაშა უეს ანდერსონის კომედიაში The Royal Tenenbaums.

ოსკარის გარდა, მიღებული აქვს ორი BAFTA-ს ჯილდო, ოთხი ოქროს გლობუსი, ბერლინის კინოსფესტივალის ჯილდო, 10 კინოკრიტიკოსთა ჯილდო.

1991 წელს ჯინ ჰეკმანი დაქორწინდა კლასიკური მუსიკის პიანისტზე, ბეტსი არაკავაზე.

კომენტარები