რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

მედია: ზელენსკი და ტრამპი პაპის დაკრძალვის ცერემონიამდე რომში შეხვდნენ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პაპი ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიაზე

Sky News-ის ცნობით, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პაპი ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიამდე რომში შეხვდნენ. გამოცემა ინფორმაციას ვატიკანის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

როგორც POLITICO წერს, აღნიშნული დაადასტურა უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერმა სერგეი ნიკიფოროვმაც. 

არსებული ინფორმაციით, აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ შეხვედრა დაკრძალვის ცერემონიის შემდეგაც გააგრძელონ. 

28 თებერვალს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მომხდარი მწვავე კამათის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ზელენსკი და ტრამპი ერთმანეთს პირისპირ ხვდებიან. 

პაპი ფრანცისკეს დაკრძალვას პრეზიდენტები, პრემიერმინისტრები, სამეფო ოჯახის წევრები და სხვა მსოფლიო ლიდერები, მათ შორის, ტრამპთან ერთად, არგენტინის, გაერთანებული სამეფოს, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, უკრაინის ლიდერებიც ესწრებიან. 

მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, თუ როგორ უკრავენ ტაშს წმინდა პეტრეს ბაზილიკიდან გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტს მოედანზე შეკრებილი ადამიანები. 

ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ცნობას წინ უძღვის აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის უკრაინის საკითხზე კრემლში გამართული შეხვედრა. 

კომენტარები