ირანი

არაღჩი: მზად ვარ, მოლაპარაკებისთვის ვეწვიო პარიზს, ბერლინს და ლონდონს

REUTERS/Heinz-Peter Bader

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი სოციალურ ქსელში წერს, რომ მზად არის გაემგზავროს ევროპაში ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოსალაპარაკებლად. 

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადის დაწყებიდან აშშ-ირანის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 12 აპრილს ომანში გაიმართა, მეორე რაუნდი კი 19 აპრილს რომში გაიმართა. 

ასევე, 2024 წლის სექტემბრიდან მოყოლებული თეირანსა და სამ ევროპულ სახელმწიფოს: საფრანგეთს, გერმანიასა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ბირთვულ საკითხებზე არაერთი შეხვედრა შედგა. უკანასკნელი შეხვედრა მარტში გაიმართა, რომლის მთავარი განხილვის თემა პოტენციური შეთანხმება და ირანის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა იყო. 

"ირანის ურთიერთობას E3-თან უახლეს წარსულში პოზიტიური და ნეგატიური პერიოდები ჰქონდა. მოგვწონს ეს თუ არა, ახლა ურთიერთობა დაბალ დონეზეა. მე კიდევ ერთხელ ვთავაზობ დიპლომატიას. მოსკოვთან და პეკინთან ჩემი ბოლო კონსულტაციების შემდეგ, მზად ვარ, გადავდგა პირველი ნაბიჯი და ვეწვიო პარიზს, ბერლინს და ლონდონს. ბურთი ახლა E3-ის მოედანზეა" – წერს არაღჩი X-ზე. 

აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი 26 აპრილს, ომანში გაიმართება. 

21 აპრილს ირანმა და რუსეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირებას მოაწერა ხელი.

სააგენტოს РИА Новости-ის ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ არ დაეხმარებიან აგრესორს, თუ რომელიმე მათგანი თავდასხმის მსხვერპლი გახდება და არ დაუშვებენ თავიანთი ტერიტორიების გამოყენებას სეპარატისტული მოძრაობების მხარდასაჭერად, რომლებიც მხარეების ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხეს უქმნიან.

ირანი და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლებენ საერთაშორისო ტერორიზმისა და სხვა საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში და არ შეუერთდებიან ერთმანეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.

სააგენტო ასევე წერს, რომ ხელშეკრულების მიხედვით, რუსეთიდან ირანში  აზერბაიჯანის გავლით გაზსადენი გაივლის.

რუსული მედიის თანახმად, ხელშეკრულებაში წერია, რომ მხარეები ბირთვულ სფეროში ერთობლივი პროექტებით, მათ შორის, ბირთვული ენერგეტიკის ობიექტების მშენებლობით, არიან დაინტერესებულები.

ხელშეკრულება 20 წლის ვადით გაფორმდა და ყოველ 5 წელიწადში ავტომატურად გაგრძელდება.

კომენტარები