ყირგიზეთში ვაგნერის ჯგუფთან და აფრიკულ კორპუსთან დაკავშირებული ვიქტორ ვასილიევი დააკავეს. ვასილიევს რუსულ მედიაში მოიხსენიებენ, როგორც აფრიკისა და ცენტრალური აზიის ექსპერტს.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ომისთვის მოხალისეების რეკრუტირების ბრალდებით ყირგიზეთში ოთხი პირი დააკავეს. მათ შორის ცნობილი იყო ორის ვინაობა: რუსული სახლის თანამშრომელი ნატალია სეკერინა და ქალაქ ოშის მერიის პრესსამსახურის თანამშრომელი სერგეი ლაპუშკინი. მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, ვასილიევი ამ ოთხი ადამიანიდან ერთ-ერთია.
ვასილიევი ტელეგრამ არხი Улыбаемся и машем-ის ავტორია. ეს არხი აფრიკაში რუსეთის სამხედრო აქტიურობას აშუქებდა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ამ არხს აფრიკაში რუსული დეზინფორმაციის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს უწოდებდა.
რუსულ ტელეგრამ არხებზე ვარაუდობენ, რომ ბოლო პერიოდში რუსეთის რამდენიმე მოქალაქის დაკავება მოსკოვში ყირგიზეთის მოქალაქეების წინააღმდეგ მოწყობილ რეიდებსა და დაკავებებს უკავშირდება.
ვასილიევი, სავარაუდოდ, რუსეთის სამხედრო დაზვერვის, ГРУ-ს თანამშრომელი იყო. მას ასე მოიხსენიებენ ულტრამემარჯვენე რუსულ ტელეგრამ არხებზეც. წარსულში ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებების მიხედვით, ვასილიევი წარსულში ცნობილი ლუკოვენკოს გვარით, ნეონაცისტურ შეხედულებებს იზიარებდა და ნასამართლევი იყო შავკანიანი სტუდენტის მკვლელობისთვის. ამავე ცნობებით, ის ევგენი პრიგოჟინის სტრუქტურებთანაც თანამშრომლობდა.
მედიაში გავრცელებული გამოძიებების მიხედვით, ვასილიევი იყო რუსეთის დაზვერვის აგენტი ვიქტორ ლუკოვენკო და ის უკრაინაში აგენტების რეკრუტირებას კურირებდა. ამავე ცნობებით, ის უკრაინაში მოკლულ რუს ნაციონალისტ იგორ მანგუშევთან თანამშრომლობდა.
რუსულ ულტრანაციონალისტურ და ვაგნერთან დაკავშირებულ ტელეგრამ არხებზე ადასტურებენ, რომ ვასილიევი წარსულში კსკ ვაგნერთან, ახლა კი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ აფრიკულ კორპუსთან არის დაკავშირებული. აფრიკული კორპუსი აფრიკის კონტინენტზე ვაგნერის ჯგუფის გავლენების ჩანაცვლებას ცდილობს.





