რუსეთი-ყირგიზეთი

ყირგიზეთში "რუსული სახლის" თანამშრომელი ომისთვის ხალხის რეკრუტირებისთვის დააკავეს

ყირგიზეთის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები
ვიაჩესლავ ოსელედკო/AFP

ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტმა ქალაქ ოშში რუსული სახლის ქალი თანამშრომელი, ნატალია სეკერინა დააკავა.

ბიშკეკის სასამართლომ ქალს თავისუფლების 2 თვით აღკვეთა მიუსაჯა.

რადიო თავისუფლების ყირგიზული სამსახურის ცნობით, სასამართლოს განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ უსაფრთხოების კომიტეტის საგამოძიებო სამმართველომ სეკერინას ბრალი წაუყენა მუხლით, რომელიც სხვა ქვეყნების შეიარაღებული კონფლიქტისთვის დაქირავებული სამხედროების რეკრუტირებას ითვალისწინებს. როგორც რადიო თავიოსუფლების პროექტი Настоящее время წერს, საუბარია რუსეთის არმიისთვის სამხედროების დაქირავებაზე.

რეკრუტირების საქმეზე დაკავებულია ოთხი ადამიანი, მათ შორის ოშის მერიის პრესსამსახურის თანამშრომელი სერგეი ლაპუშკინი. დანარჩენი ორი ფიგურანტის ვინაობა უცნობია. 

რადიო თავისუფლების ყირგიზული სამსახური აღნიშნავს, რომ აქამდე ყირგიზეთში რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის მხარეს მონაწილეობისთვის გაასამართლეს სამი ადამიანი. ერთ-ერთ მათგანს, ასკარ ყუბანიჩბეკ უულუს თავისუფლების 7 წლით აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა ის რუსეთში გაიქცა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან ახალი კონტრაქტი დადო.

საინფორმაციო და კულტურული ცენტრი რუსული სახლი ექვემდებარება როსსოტრუდნიჩესტვოს. როსსოტრუდნიჩესტვო არის ფედერალური სააგენტო, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ექვემდებარება. ჟურნალი ხოლოდის მიხედვით, მისი მიზანია უცხოეთში "თანამემამულეებთან ურთიერთობა", "მსოფლიოში რუსეთის ჰუმანიტარული გავლენის გაძლიერება" და "თანამედროვე რუსეთზე ობიექტური იდეის საზღვარგარეთ გავრცელების ხელშეწყობა".

კომენტარები