აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ნებისმიერი ქვეყანა ან ინდივიდი, რომელიც მოსკოვის გეგმაში მიიღებს მონაწილეობას, სუდანში რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზა შეიქმნას, "სერიოზულ შედეგებს" მიიღებს, მათ შორის, სანქციებსაც.
ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა 24 აპრილს Fox News-თან ინტერვიუში ისაუბრა.
"ჩვენ ყველა ქვეყანას მოვუწოდებთ, მათ შორის სუდანსაც, თავი შეიკავონ ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობისგან რუსეთის თავდაცვის სექტორთან.
ამგვარი ბაზის [მშენებლობაში მონაწილეობის მიღება] ან ნებისმიერი სხვა სახის თანამშრომლობა რუსეთთან უსაფრთხოების საკითხებში, სუდანის შემდგომ იზოლაციას გამოიწვევს, მიმდინარე კონფლიქტს გაამწვავებს და რეგიონული დესტაბილიზაციის რისკს კიდევ უფრო გააძლიერებს". - თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.
ცნობისთვის, თებერვალში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ სუდანმა და რუსეთმა სუდანში სამხედრო-საზღვაო ბაზის მშენებლობის შესახებ "საზიარო თანხმობას" მიაღწიეს.
"ჩვენ ყველაფერზე შევთანხმდით". - გამოცემის ცნობით, თქვა სუდანის უმაღლესმა დიპლომატმა ალი იუსეფ აჰმედ ალ-შარიფმა.
რუსეთს სუდანის 853 კილომეტრიან სანაპირო ზოლზე დიდი ხანია, რაც კონტროლის მოპოვება სურს, ამ შეთანხმების მიღწევა კი, აფრიკაში რუსეთის მზარდი გავლენის გამო, დასავლეთის, მათ შორის, აშშ-ს შეშფოთებებს გააღრმავებს.
საზღვაო ბაზის შექმნის იდეა თავდაპირველად სუდანის ყოფილი დიქტატორის, ომარ ალ-ბაშირის მმართველობის დროს გაჩნდა, თუმცა გეგმის შესრულება 2 წლის წინ სუდანში სამოქალაქო ომის დაწყებამ შეაყოვნა.
გასულ წელს სუდანის არმიამ განაცხადა, რომ რუსეთი, სუდანის სანაპიროზე სამხედრო მიზნებისთვის საჭირო ნავთობის შენახვის სანაცვლოდ, ხარტუმისთვის (სუდანის დედაქალაქი) იარაღის მიწოდებას დათანხმდა.
როგორც Bloomberg წერდა, შეთანხმება უკავშირდება მოსკოვის მცდელობას, შეინარჩუნოს კონტროლი სირიაში ორ მნიშვნელოვან ბაზაზე, საზღვაო პორტზე ტარტუსში და აეროდრომზე ჰმეიმიმში, გასული წლის დეკემბერში მისი მოკავშირე დიქტატორის, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ. რუსეთის მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებს სირიის დროებით პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარასთანაც, რათა შეინარჩუნოს კონტროლი იმ ობიექტებზე, რომლებიც მოსკოვისთვის ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში გავლენების შენარჩუნებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.
სუდანში დაპირისპირება 2023 წლის აპრილში დაიწყო. ერთმანეთთან იბრძვიან ყოფილი მოკავშირეები: სუდანის არმია, რომელსაც გენერალი აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანი მეთაურობს და სწრაფი რეაგირების ძალები (RSF), რომლის მეთაურიც მუჰამედ ჰამდან დაგლოა. RSF-ს აქტიურად უჭერდა მხარს ვაგნერის ჯგუფი.
სისხლი და ოქრო – ვაგნერის ჯგუფისა და ევგენი პრიგოჟინის აქტიურობა სუდანში
საზღვაო სამხედრო ბაზაზე საუბარი ჯერ კიდევ 2017 წელს, პუტინსა და ალ-ბაშირს შორის დაიწყო, თუმცა 2019 წლის გადატრიალებამ კრემლი უკან დახია. შეთანხმება საჯაროდ ცნობილი 2020 წელს გახდა და როგორც ჩანს, რუსეთმა მას ხელი ცალმხრივად მოაწერა.
მოსკოვის მიერ ამავე წელს გამოქვეყნებული შეთანხმების მიხედვით, მათ მიეცემათ უფლება, პორტში განათავსონ სამხედრო ფლოტის ოთხი გემი, მათ შორის ბირთვული ძრავის მქონე ხომალდები, ასევე 300-მდე სამხედრო. შეთანხმება, ძალაში შესვლის შემდეგ, 25-წლიანი იქნება და თუ არცერთი მხარე არ გამოთქვამს შეჩერების სურვილს, ის 10 წლით გახანგრძლივდება.