მხატვარი, მოქანდაკე და არქიტექტორი ზურაბ წერეთელი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ მედიაში ვრცელდება.
მხატვრის თანაშემწემ, სერგეი შაგულაშვილმა რუსულ მედიებთან საუბრისას თქვა, რომ წერეთელი 22 აპრილის ღამის ორის ნახევარზე გარდაიცვალა.
შაგულაშვილზე დაყრდნობით ТАСС იტყობინება, რომ წერეთელს გულის შეტევა ჰქონდა.
ზურაბ წერეთელი 1934 წლის 4 იანვარს თბილისში დაიბადა, 1958 წელს მან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია დაამთავრა, 1997 წლიდან გარდაცვალებამდე კი რუსეთის ხელოვნებათა აკადემიის პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა.
წერეთელს მრავალი ცნობილი ქანდაკება ეკუთვნის, მათ შორის, 2006 წლის 23 ნოემბერს თბილისში თავისუფლების მოედანზე აღმართული წმინდა გიორგის ქანდაკება, იგივე თავისუფლების მონუმენტი, საქართველოს მატიანე, ადამიანი და მზე და სხვები.
ხელოვანის ქანდაკებები უცხოეთშიც არის აღმართული, მათ შორის, ნიუ იორკსა და მოსკოვში.





